ნახვა: 848

2015-12-09

ევროპის კავშირი-თურქეთი: გრძელი გზა გაურკვეველი დასასრულით

გია ჯაფარიძე

საერთაშორისო პოლიტიკასა და დიპლომატიაში ყველაფერი ხშირად ოქრო არ არის, მაგრამ გარემოებების და ინტერესების გათვალისწინებით ოქროსავით ანათებს. 29 ნოემბერს ბრიუსელში ევროპის კავშირსა და თურქეთს შორის გამართული სამიტი, მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, რომ ანკარამ განსაკუთრებული ნაბიჯი გადადგა ევროპის კავშირში გაწევრიანებისკენ, შესაძლოა თურქეთისთვის მხოლოდ მორიგი სადგური იყოს გაურკვეველი დასასრულის მქონე მოგზაურობაში, უკანასკნელი შემდეგ სადგურამდე, მაგრამ არა ბოლო, და არც ბოლოსწინა.

სამიტის მონაწილე მხარეები კმაყოფილი უნდა იყვნენ - თურქეთსა და ევროპის კავშირს შორის დაახლოების გზაზე გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი, მაგრამ ეს არ იყო ნახტომი ან გარღვევა, როგორც სამიტის შემდეგ გავრცელებული კომუნიკაციის და განსაკუთრებით მას მოყოლილი აჟიოტაჟის შემდეგ შეიქმნა. თურქეთის წარმატება იმაზე მეტი არ ჩანს, ვიდრე ეს აქამდე ყოფილა ბრიუსელსა და ანკარას შორის არამარტივ ურთიერთობებში.

რა მიიღო სინამდვილეში თურქეთმა?

პასუხამდე თვალი ისტორიას უნდა გადავავლოთ. 1963 წლიდან თურქეთსა და ევროპის თანამეგობრობას შორის ასოცირების ხელშეკრულება არსებობს, 1987 წელს თურქეთმა თანამეგობრობაში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი წარადგინა, 1999 წელს ის იქნა აღიარებული ევროპის კავშირში გაწევრიანების კანდიდატ სახელმწიფოდ1,2004 წელს თურქეთმა მიიღო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თარიღი, ხოლო 2005 წლის ბოლოს ანკარამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც ევროპის კავშირის შესაბამისმა ინსტიტუტებმა თურქეთის მიერ შესრულებულად ჩათვალეს კოპენჰაგენის კრიტერიუმები2. ამის მერე დაიწყო თურქეთის ევროპის კავშირში გაწევრიანების კონტროვერსიული პროცესი, რომელიც აქამდე ძალიან მოზომილი წარმატებებით მიმდინარეობს. 2006 წელს კვიპროსმა დაბლოკა მოლაპარაკებების 6 თავი, 2012 წელს თურქეთმა გაწყვიტა ევროპის კავშირთან ურთიერთობა კვიპროსის როტაციული პრეზიდენტობის პერიოდში, 2013 წელს გერმანიამ დაბლოკა მოლაპარაკებები და ასე შემდეგ და ასე მანამდე. აღნიშნული მოლაპარაკებები დღემდე პერიოდული წყვეტებით და შეფერხებებით გრძელდება.

პროცესს ისიც ართულებდა, რომ ევროპის კავშირში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანების შემდეგ, ერთი მხრივ, ევროპის გაერთიანება ბოლო გაფართოებას „ინელებდა“(სიგანეში გაფართოებას აუცილებელად სიღრმეში ინტეგრაცია უნდა მოჰყოლოდა), მეორე მხრივ, ევროპას დროებით პოლიტიკური, ინსტიტუციური და ეკონომიკური „დაისი“ დაუდგა, რასაც თან დაერთო გლობალური ფინანსური კრიზისი. თურქეთისთვის გაწევრიანების ნაცვლად, „პრივილეგირებული პარტნიორობის“ შეთავაზების იდეა ევროპაში ხშირად ღიად ისმოდა, რაც ასევე ხშირად საფუძვლიან იმედგაცრუებას თუ წყენას იწვევდა თურქეთში, რომელიც ამ პერიოდში სწრაფი და ეფექტური ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების ხარჯზე ეკონომიკური ზრდის მაღალ პროცენტს აჩვენებდა, რაც მოქალაქეთა კეთილდღეობაზე აისახებოდა. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული თურქეთი, თავისი საკმაოდ იდეოლოგიზირებული, დიდწილად ე.წ. „დავუთოღლუს დოგმით“ განმსჭვალული ახალი საგარეო პოლიტიკით, კონცენტრირდა ახლო აღმოსავლეთზე და ევროპის მიმართ სკეპტიციზმი გაძლიერდა. თუ ევროპას არ სურს თურქეთი, თურქეთს საერთოდ არ სჭირდება ევროპა - პოპულარული რიტორიკა გახდა თურქეთში. ევროპის კავშირმა ამით ანკარაზე ზეგავლენის ბერკეტები დაკარგა.

საგარეო პოლიტიკის რევიზიის შედეგად თურქეთს ურთიერთობები აერია აშშ-თან, ისრაელთან, ეგვიპტესთან; BRICS3-ის სახელმწიფოებთან ფლირტი ჩავარდა BRICS-ის ქვეყნებში გაჩენილი პრობლემების გამო; „არაბულმა გაზაფხულმა“, ახლო აღმოსავლეთში გაჩენილმა თუ გაღვიძებულმა კონფლიქტებმა და სირიის კრიზისმა შეავიწროვა თურქეთის საგარეო პოლიტიკის სივრცე ახლო აღმოსავლეთშიც, ამას დაემატა 2015 წლის ივლისში P5+14 და ირანს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ბირთვული პროგრამის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ გზას ხსნის დასავლეთსა და ირანს შორის მომავალი თანამშრომლობისკენ, ნაწილობრივ ახდენს ირანის საერთაშორისო რეაბილიტაციას და აძლიერებს მის როლს ახლო აღმოსავლეთის ფართო რეგიონში. თითქოს ახალმა საგარეო პოლიტიკამ თურქეთი ერთგვარ იზოლაციაშიც კი შეიყვანა. ამ ფონზე ბუნებრივად ჩანს ანკარაში ევროპისკენ მზერის ხელახალი მიპყრობის სურვილი 

2014 წლის მარტიდან თურქეთის ტერიტორიაზე შევიდა 2 მილიონზე მეტი ლტოლვილი სირიიდან, ერაყიდან და სხვა კონფლიქტური სახელმწიფოებიდან, 2011 წლიდან მათი მიღება თურქეთის ეკონომიკას რამდენიმე მილიარდი ევრო დაუჯდა, რაც თურქეთის სახელმწიფოსთვის აუტანელ ტვირთს წარმოადგენს. ევროპისთვის სამწუხაროდ, ანკარამ გააკეთა ის, რასაც სხვა ყველა სახელმწიფო გააკეთებდა - თურქეთმა სიკვდილს გამოქცეულ ლტოლვილებს ევროპისკენ გასასვლელი მისცა. იმ მომენტიდან ლტოლვილთა კრიზისი ევროპის პრობლემადაც იქცა. თურქეთის გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება შეცვალა და დაამძიმა სირიის კონფლიქტში რუსეთის უშუალო ჩართვამ, ხოლო რუსეთის მიერ თურქმენთა ერთ-ერთ დაბომბვას თურქული სამხედრო ძალების მიერ რუსული მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოგდება მოჰყვა, რამაც რუსულ-თურქული ურთიერთობები უკიდურესად დაძაბა. ამ მოცემულობით მივიდა ევროპის კავშირი და თურქეთი ბოლო „ისტორიულ“ სამიტამდე.

ბრიუსელის შეხვედრას, როგორც ჩანს, წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი მზადება, რომელსაც თავის მხრივ უსწრებდა თურქეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ შეცვლილი გეოპოლიტიკური მოცემულობის გააზრება. „ბრიუსელის შეთანხმება“ შედგა, მონაწილე მხარეებისთვის მნიშვნელოვანი იყო წარმატების ჩვენება რამდენიმე კუთხით - ურთიერთობაში ახალი ფურცლის გადაშლა, მიგრაციის კრიზისის მოგვარებაში ანკარას როლის აღიარება და მისი ჩართულობის გაზრდა, შიდა მოხმარებისთვის მიგრაციული კრიზისის დასაძლევად გადადგმული ნაბიჯების ჩვენება, თურქეთის მიმართულებით „გეოპოლიტიკური გახსნა“, განსაკუთრებით რუსეთთან სამხედრო ინცინდენტის შემდეგ ანკარასა და მოსკოვს შორის დაძაბულ ვითარებაში. თუმცა, მის გარეშეც ბრიუსელს უნდა ეპასუხა ანკარას გაღვიძებული ევროპული ინტერესისთვის.

ბრიუსელში თურქეთმა პირველ რიგში მიიღო ევროპული პერსპექტივის დადასტურება, გაწევრიანების მოლაპარაკებებში გაიხსნა კიდევ ერთი თავი. გაწევრიანების პროცესში ეს მინიმალური მნიშვნელობის მონაპოვარია, რომელიც დიდ წარმატებად გამოცხადდა. ბრიუსელიც და ანკარაც მსგავსად დიდ წარმატებად გამოაცხადებდნენ ერთის ნაცვლად, ვთქვათ, ხუთი თავი რომ გახსნილიყო. სინამდვილეში გაწევრიანების პერსპექტივა ევროპის კავშირის არაერთ სამიტს და მომქანცველ ინსტიტუციონალურ პროცესს უკავშირდება.

მეორე, თურქეთმა ასევე მიიღო დაპირება (!), მაგრამ არა პირობა (რომელიც ვალდებულების ხასიათს ატარებს), რომ 2016 წლის ოქტომბერში ევროპის კავშირი თურქეთს სავიზო რეჟიმს გაუუქმებს. თურქეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ჟანგბადის მიცემა იქნება ეგეოსის ზღვის ბერძნული კუნძულებისთვის, მაგრამ თავისტკივილი გერმანიისთვის. პრობლემა შეიძლება იყოს კვიპროსიც, სადაც თურქეთის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე (კუნძულის 37%)არსებობს ე.წ. settlers5 საკითხი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება უკავშირდება თურქეთის მხრიდან რეადმისიის ხელშეკრულების შესრულებას, რაც არცერთი სახელმწიფოსთვის არ წარმოადგენს ყველაზე სასურველ ვალდებულებას, მით უმეტეს თურქეთისთვის.

მესამე, რაც შეეხება მიგრანტთა ნაკადის შემცირების სანაცვლოდ თურქეთისთვის 3 მილიარდის გამოყოფას, აქ მინიმუმ 2 საკითხი იჩენს თავს - ა) რამდენად შეასრულებს თურქეთი ამ ვალდებულებას და ბ) რამდენად საკმარისია ხსენებული თანხა თუნდაც თურქეთში უკვე შესულ ლტოლვილებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად.

ბრიუსელის სამიტის შედეგების მიმართ მოზომილი ოპტიმიზმი უფრო რეალისტური ჩანს. ორივე მხარეს წარმატების ჩვენება სჭირდებოდა და გარკვეული პოლიტიკური კაპიტალი ორივე მხარემ დააგროვა. ის, რაც ნამდვილად მიიღო თურქეთმა (და ბრიუსელმაც), არის ათი წლის შემდეგ ევროპის კავშირთან ურთიერთობების რე-ვიტალიზაცია.

რა მიიღო ევროპის კავშირმა ბოლო სამიტიდან? მიგრაციის ნაკადის შეჩერების პირობის გარდა, ბრიუსელმა მიიღო თურქეთის მხრიდან ევროპისადმი განახლებული ინტერესი, რითიც შეიძინა თურქეთზე გავლენის ბერკეტები. რადგან არცერთი ბერკეტი არ მუშაობს, თუ მეორე მხარე გულგრილია მათი ამოქმედების შემდეგ დამდგარი შედეგების მიმართ.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

[1]1999 წელს საბერძნეთმა შეცვალა ტაქტიკა და თურქეთთან ევროპის კავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას მხარი დაუჭირა, სანაცვლოდ მიიღო კვიპროსის გაწევრიანების პროცესზე თანხმობა ზოგიერთი წევრი-სახელმწიფოსგან, რომელიც თურქეთის ინეტერესებს ლობირებდა. ამავდროულად თურქეთ-საბერძნეთის ორმხრივი დისპუტი ევროპის კავშირი-თურქეთის ურთიერთობების და თურქეთის ევროპული პერსპექტივის წინაპირობად აქცია.

[2]http://www.europarl.europa.eu/enlargement_new/europeancouncil/pdf/cop_en.pd

[3]ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის არაფორმალური გაერთიანება, რომელიც აშშ-ს გლობალურ კონკურენციას ისახავდა მიზნად

[4]გაერო-ს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივ წევრს დამატებული გერმანია და ირანს შორის შეათანხმება ბირთვულ პროგრამაზე

[5]1974 წლის მოვლენების შემდეგ თურქეთის ცენტრალური რაიონებიდან კუნძულ კვიპროსზე ჩასახლებული თურქული მოსახლეობა, რომლებიც არ არიან კუნძულის მკვიდრი თურქული თემის ნაწილი