ნახვა: 445

2016-02-18

აშშ-მ და რუსეთმა წარადგინეს გეგმა სირიაში საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და იზოლაციაში მყოფი სირიული ქალაქებისთვის დახმარების მიწოდების შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 12 თებერვალს წარადგინეს გეგმა სირიაში საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და იზოლაციაში მყოფი სირიული ქალაქებისთვის დახმარების მიწოდების შესახებ.

სამომავლოდ, აშშ და რუსეთი ერთმანეთთან ითანამშრომლებენ ცეცხლის შეწყვეტისა და ქვეყნის ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფის საკითხებზე. თუმცა მსგავსი შეთანხმება არ გულისხმობს ცეცხლის საბოლოოდ შეწყვეტას და რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შემცირებას.

მხარეთა მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება 25 თებერვალს გაჟღერდება. მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტას 1 მარტიდან გეგმავს მაშინ, როდესაც აშშ ამ საკითხზე რეაგირებას გადაწყვეტილების მიღებისთანავე მოითხოვს.

აშკარაა ის ფაქტი, რომ რუსეთი ცდილობს სირიის კონფლიქტის გამოყენებას საკუთარი ინტერესების განხორციელების მიზნით. ის თვეების განმავლობაში ეხმარებოდა სირიის პრეზიდენტს ასადს, რომ თავიდან ჩამოეშორებინა ყველა ის ოპოზიციური მხარე, რომელიც ჟენევაში მოლაპარაკებებზე იყო მიწვეული. გარდა ამისა, „კრემლის მოთხოვნები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების გაუქმება, აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს ბაზების შეჩერება და საქართველოსა და უკრაინის საკითხები, შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს სირიაში რუსული მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებასთან“ (ლუკ კოფი, ალ ჯაზირა).