ნახვა: 799

2016-08-16

ფლირტი, თუ ურთიერთობების ნორმალიზაცია?

9 აგვისტოს სანკტ-პეტერბურგში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრამ ბევრი საუბარი, ეჭვი, კითხვა, შიში, უიმედობა თუ ზოგისთვის იმედი გააჩინა. შიშებმა და კითხვებმა ძირითადად რუსეთის სამეზობლო და შუა აღმოსავლეთის ფართო რეგიონი, ნაწილობრივ კი - ევროატლანტიკური სივრცის ქვეყნები მოიცვა. პოლიტიკოსების, საგარეო-პოლიტიკური ელიტების, აკადემიური წრეების მიერ სხვადასხვა აზრი გამოითქვა იმის შესახებ, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების „დათბობა“.

ბევრმა ერდოღანისა და პუტინის მეგობრული ხელისჩამორთმევა რუსულ-თურქულ ფლირტად აღიქვა. თუმცა, საეჭვოა, ეს ასე იყოს, რუსულ-თურქული „შერიგება“ ანკარას მხრიდან უფრო ურთიერთობების ნორმალიზაციის სურვილია, ვიდრე კრემლთან მრავალმხრივი პოლიტიკური და სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობა.

ერდოღანი-პუტინის შეხვედრის შემდეგ რუსულ-თურქული ურთიერთობები მოსალოდნელია, იმ ნიშნულს დაუბრუნდეს, რაც 2015 წლის ნოემბერში თურქეთის მიერ რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოგდებამდე იყო. რა იძლევა ამ ვარაუდის საფუძველს?

ანკარას მხრიდან მოსკოვთან ურთიერთობების დათბობისკენ ნაბიჯები თურქეთში სამხედრო ამბოხების მცდელობამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო და, დიდი ალბათობით, ურთიერთობების ნორმალიზაციის სურვილი ორივე მხარეს საფუძვლიანი ჰქონდა.

ერთი მხრივ, რუსეთს ჟანგბადივით ესაჭიროება თურქეთი, როგორც მისი ენერგეტიკული რესურსების მომხმარებელი და ამ რესურსების ევროპაში ექსპორტირების სატრანზიტო ქვეყანა. პეტროდოლარებზე დაფუძნებულ ეკონომიკას ბუნებრივი აირის და ნავთობის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავლებზე უარის თქმის ფუფუნება არ აქვს.

მეორე მხრივ, რუსეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა დააზიანა თურქეთის ეკონომიკა, განსაკუთრებით ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და საფეიქრო მრეწველობის სექტორები. ამ სფეროში მომუშავე კომპანიებს შეეზღუდათ რუსულ ბაზარზე წვდომა. მოსკოვმა პრობლემები შეუქმნა რუსეთში მომუშავე თურქულ სამშენებლო კომპანიებსაც. როგორც ირკვევა, სწორედ თურქი ბიზნესმენის კავშირები და ყაზახეთის პრეზიდენტის შუამავლობა აღმოჩნდა ორი ლიდერის შერიგების პროცესის ფასილიტატორი.

თუმცა, საეჭვოა მხოლოდ ეკონომიკურ სანქციებს ემოქმედა თურქეთის გადაწყვეტილებაზე, ის ალბათ თურქეთის საგარეო პოლიტიკის ზოგადი ცვლილების ნაწილი უნდა იყოს, რასაც მოვლენათა განვითარების საერთაშორისო კონტექსტიც განაპირობებს. ანკარამ იდეოლოგიზირებული საგარეო პოლიტიკა პრაგმატიზმს დაფუძნებული ახალი საგარეო დისკურსით შეცვალა, რაზეც უკანასკნელი ათწლეულის თურქეთის საგარეო პოლიტიკის არქიტექტორის, აჰმედ დავუთოღლუს, აქტიური პოლიტიკიდან წასვლაც მიუთითებს. რასაკვირველია, ცვლილება დავუთოღლუს წასვლით არ დაწყებულა, პირიქით, ის დავუთოღლუს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს დაიწყო. პროფესორის გადადგომა მხოლოდ მისი ნაწილია, რადგან ახალ პოლიტიკას ძველთან დაკავშირებული, თუნდაც მაღალი ავტორიტეტის ფიგურა, დამაჯერებლობას დაუკარგავდა.

დავუთოღლუს „თურქეთის იდეა“ საერთაშორისო სისტემაში თურქეთის განსაკუთრებულ როლს ეფუძნებოდა. დავუთოღლუს აზრით, ისტორია, გეოგრაფიული მდებარეობა, კულტურა, სოციალური კაპიტალი, ადამიანური რესურსები აუცილებელს ხდის, თურქეთი ცენტრალური აქტორი იყოს თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში. თავის მხრივ, დავუთოღლუ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ერბაქანის, შეხედულებების მოდერნიზაციას ახდენდა, არგებდა მას ახალ საერთაშორისო გარემოებებს. ეს იყო ერთგვარი ნაზავი ქემალიზმის რევიზიის, თავად ქემალიზმის, რბილი ისლამიზმის, ოთომანიზმის, პანთურქიზმის, ლიბერალიზმის და სხვა იზმ-ელემენტების. ვერც დავუთოღლუს ფრთიანი ფრაზა - ნულოვანი პრობლემები მეზობლებთან - აღმოჩნდა პრაქტიკაში ყველაზე წარმატებული.

საგარეო პოლიტიკის გადახედვის პროცესის დასაწყისის მანიშნებელი ა.წ. აპრილში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე ერდოღანის განცხადება იყო. იმ პერიოდიდან ანკარამ დაიწყო ურთიერთობების დალაგება ისრაელთან, ოპტიმისტური დასასრული უჩანდა კვიპროსის რეუნიფიკაციის შესახებ მოლაპარაკებების პროცესს, მოისინჯა ნიადაგი ეგვიპტესთან და საუდის არაბეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, მედიაში ისიც კი გავრცელდა, რომ ანკარა დამასკოსთანაც ცდილობდა საერთო ენის პოვნას. იმავე პერიოდიდან იწყება ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მცდელობაც, რასაც ივნისის თვეში პუტინთან ერდოღანის ცნობილი წერილი მოჰყვა.

საგარეო პოლიტიკის გადახედვის და მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი განაპირობა ანკარას წინაშე არსებულმა გამოწვევებმა - თურქეთში იმატა საერთაშორისო ტერორიზმის შემზარავმა ფაქტებმა, „გაიღვიძა“ ქურთების პრობლემამ ქვეყნის შიგნით (რასაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო თურქეთის გარეთ, განსაკუთრებით სირიაში, ქურთული მოძრაობების გაძლიერებამ); ქურთების საკითხი აგრეთვე დაბრუნდა საერთაშორისო დღის წესრიგში თურქეთისთვის არასასურველი ფორმით; ე.წ. „ისლამურ ხალიფატთან“ დაპირისპირება და მიგრანტთა კრიზისი რჩება თურქეთის მნიშვნელოვან პრობლემად.

ანკარას გადაწყვეტილებებზე სავარაუდოდ იმოქმედა სხვა ფაქტორებმაც - ირანის შესაძლო საერთაშორისო რეაბილიტაციის პროცესმა, რაც თეირანთან P5+1 ფორმატში გაფორმებულ ბირთვულ შეთანხმებას მოჰყვა; რუსეთის როლის ზრდამ შუა აღმოსავლეთის რეგიონში, რაც რუსული სამხედრო შენაერთების სირიის ტერიტორიაზე მოქმედებებში გამოიხატება; აშშ-ს როლის შედარებითმა დასუსტებამ შუა აღმოსავლეთის ფართო რეგიონში; ასევე პროცესებმა ევროპის კავშირის შიგნით, სადაც „Brexit“-ზე რეფერენდუმი და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებიდან შესაძლო გასვლა თურქეთს ევროპის კავშირში ყველაზე მნიშვნელოვან მხარდამჭერს აკარგვინებს. ამას დამატებულმა სავიზო ლიბერალიზაციის უიმედო მოლოდინმა, რაც ევროპის კავშირთან მიგრანტთა შესახებ ხელმოწერილი ფართო შეთანხმების ნაწილია, და ევროპის კავშირის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან კრიტიკამ ნეგატიურად იმოქმედა ბრიუსელი-ანკარას ურთიერთობებზე. მხედველობიდან, ალბათ, არც ვარშავის ნატო-ს სამიტის მიერ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ საუბრის დაწყება უნდა გამოგვრჩეს, თურქეთის პოზიცია საკითხის მიმართ უფრო ამბივალენტურია, ვიდრე მხარდამჭერი.

ანკარა-მოსკოვის ურთიერთობების ნორმალიზება ამ ფონზე უფრო პრაგმატიზმია და არა სტრატეგიული მეგობრობა. ამავე დროს ეს არის ორივე ქვეყნის მცდელობა, დასავლეთთან

დაძაბულობის ფონზე, თუნდაც ერთმანეთთან მიმართებაში გამოვიდნენ პოლიტიკური იზოლაციიდან. მეცხრამეტე საუკუნის ისტორია ორ ქვეყანას შორის რამდენიმე ომს ითვლის, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა კონსტანტინეს და პეტრეს ქალაქებს დაზავებულიყვნენ და ომებს შორის ეთანამშრომლათ. ერდოღან-პუტინის შეხვედრის მიზანი გაფუჭებული ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა და იმ არასასურველი მდგომარეობის გამოსწორებაა, რაც ორი ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება; საერთო ინტერესები კი მათ ბევრი აქვთ - დაწყებული მონტრეს ხელშეკრულებიდან ენერგეტიკული პროექტებით დამთავრებული (მაგ. მერსინის პროვინციაში „როსატომის“ პროექტი ატომური ელექტრო სადგურის მშენებლობის შესახებ, „თურქული ნაკადის“ სახელით ცნობილი ბუნებრივი აირის სადენის პროექტი და სხვ.).

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთისა და თურქეთის გრძელვადიანი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. არცერთი მათგანი წარმოადგენს რეგიონის ახალ სახელმწიფოებს, შესაბამისად მათი გრძელვადიანი ინტერესები და დაპირისპირება ამ ინტერესების გამო ისტორიიდან მოდის და ისტორიასავით „ძველია“ - მაგალითად, შავი ზღვის აუზი (კავკასია, ყირიმი) და შუა აღმოსავლეთი (სირია, ქურთების საკითხი) ის რეგიონებია, სადაც თურქეთისა და რუსეთის ხედვებს შორის ჯერჯერობით ამოუვსები ნაპრალია და ამ ნაპრალის გაქრობის პერსპექტივა არ ჩანს.

ანკარა და მოსკოვი სავარაუდოდ დაუბრუნდებიან ურთიერთობების business as usual ფორმას, რაც სხვადასხვა, ძირითადად ეკონომიკურ, საკითხებზე თანამშრომლობასთან ერთად ნიშნავს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესების კონფლიქტსაც. ეს ინტერესები მოიცავს სამხრეთ კავკასიასაც.

გაზვიადებული უნდა იყოს, თურქეთის დასავლეთთან დაპირისპირების გაღრმავების შიშებიც; თურქეთი ნატო-ს წევრი სახელმწიფოა, ძნელად წარმოსადგენია მოსკოვმა ანკარას უსაფრთხოების უკეთესი ფორმატი შესთავაზოს, ვიდრე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი სთავაზობს. თურქეთის საერთაშორისო წონა დიდწილად მისი ნატო-ში წევრობით განისაზღვრება, ნაკლებად სავარაუდოა, ანკარამ ისეთი ნაბიჯები გადადგას, რაც თუნდაც ხმელთაშუა ზღვის აუზში status quo-ს მისთვის საზიანოდ შეცვლიდა. აშშ-თან გაუარესებული ურთიერთობები, რომელიც აშშ-ს ერაყში შესვლას, „არაბულ გაზაფხულს“, აშშ-ს მიერ ქურთების საკითხის ანკარასგან განსხვავებულად აღქმას და ადრე განვითარებულ სხვა მოვლენებს უკავშირდება და რომელიც 15 ივლისის მოვლენების შემდეგ ცოტა უფრო დაიძაბა (არაპირდაპირი ბრალდებები, პენსილვანიაში მცხოვრები იმამის, ფეთჰულა გიულენის თურქეთისთვის გადაცემას მოთხოვნა), ასევე არ შედის ვაშინგტონის და ანკარას გრძელვადიან ინტერესებში და შესაბამისი დიპლომატიური ძალისხმევა დაჭირდება იმას, რომ ეს ურთიერთობები 15 ივლისამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდეს (ხელსაყრელი დრო შეიძლება იყოს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ).

თეორიულად ყველა შესაძლო სცენარის ვარაუდი დასაშვებია, მათ შორის, თურქეთმა უარი თქვას ევროპაზე, დატოვოს ნატო-ს სამხედრო სტრუქტურა, პოლიტიკური ალიანსი შექმნას რუსეთის ფედერაციასთან და ა.შ. მაგრამ პრაქტიკულად ეს ყველაზე მეტად არ შედის თურქეთის ინტერესებში, პოლიტიკური პრაგმატიზმი ანკარას კარნახობს „დასავლურ“ ორბიტაზე ყოფნას, რაც არ გამორიცხავს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციას.

 

ავტორი: გია ჯაფარიძე