ნახვა: 1337

2017-05-02

„ბრექსიტი“ და შიდა ბრიტანული გამოწვევები

2013 წელს, საპარლამენტო არჩევნებზე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი, ანტი-ისტაბლიშმენტური და ევროსკეპტიკური ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ამომრჩეველს ევროპის კავშირიდან გასვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას დაპირდა. წინასაარჩევნოდ ევროსკეპტიკურ განწყობებს გაერთიანებულ სამეფოში აძლიერებდა არამარტო ევროპული ინტეგრაციის პროექტთან დაკავშირებული ტრადიციული ეჭვები, ბრიტანეთის სუვერენიტეტის დაკნინების, ევროპის კავშირში დემოკრატიის დეფიციტისა და სხვა საკითხები, არამედ ევროპაში გახშირებული ტერაქტები და მიგრანტთა გაღრმავებული კრიზისიც. „ტორებმა“ არჩევნებში გაიმარჯვეს და კამერონს, ამომრჩეველთან ანგარიშვალდებულების გათვალისწინებით, დაპირება უნდა შეესრულებინა.

რეფერენდუმის თარიღის დასახელებამდე, ბრიტანეთის ევროპის კავშირში დარჩენის მომხრე დევიდ კამერონს აუცილებლად სჭირდებოდა ისეთი ბერკეტი, რომლითაც იგი მზარდი ევროსკეპტიკური განწყობების მქონე მოქალაქეთა დამშვიდებასა და თავის ბანაკში გადმობირებას შეძლებდა - ევროპის კავშირის ისედაც „განსაკუთრებული წევრი,“ კიდევ უფრო „განსაკუთრებული“ უნდა გამხდარიყო.

2015 წლის ნოემბერში ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ტუსკს ოთხი საკვანძო საკითხის ირგვლივ თავისი მოთხოვნები გაუგზავნა. მოლაპარაკებები ეხებოდა ეკონომიკურ პოლიტიკას, სუვერენიტეტს, კონკურენციასა და იმიგრაციას.

ბრიტანეთს სურდა ზემოთჩამოთვლილი საკითხების ირგვლივ ეროვნულ დონეზე მოეპოვებინა მეტი თავისუფლება, შეემცირებინა ფინანსური შენატანი, ეროვნული პარლამენტებისთვის ევროპის კავშირის საკანონმდებლო აქტების დაბლოკვის მექანიზმი მიეცა, თავად გაეკონტროლებინა მიგრანტებისთვის განკუთვნილი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესებისთვის გაეუქმებინა მძიმე რეგულაციები და ა.შ.

ბუნებრივია, ბრიტანეთის ყველა მოთხოვნას არავინ დათანხმდებოდა, თუმცა აღნიშნულ საკითხებზე მხარეებმა შეძლეს კონსენსუსის მიღწევა და შეთანხმება, რაც კიდევ უფრო ამყარებდა ბრიტანეთის „განსაკუთრებულ სტატუსს.“ მიღწეული შეთანხმება დევიდ კამერონმა დიდი ხმაურით ჩაიტანა ლონდონში და რეფერენდუმიც დანიშნა იმ იმედით, რომ მოქალაქეები ევროპის კავშირში დარჩენას დაუჭერდნენ მხარს.

წინასარეფერენდუმო კამპანიისას „ბრექსიტის“ მომხრე ლიდერებმა ბევრი პოპულისტური დაპირება გასცეს, რომელთაგანაც ყველაზე პოპულარული იმიგრაციისა და ყოველწლიური საწევრო კონტრიბუციის თემებით სპეკულირება იყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ბრექსიტის“ კამპანია აგებული იყო არა რაციონალურ არგუმენტებზე, არამედ ემოციებზე.

დაპირება #1: ბრიტანეთის ფინანსური შენატანი ევროპის კავშირში, რაც ყოველკვირეულად 350 მილიონ ფუნტამდე შეადგენს, ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემას მოხმარდეს. რეფერენდუმის შემდეგ ევროსკეპტიკოსი ლიდერები ამ დაპირებას გაემიჯნენ, ნაიჯელ ფარაჯმა მსგავსი დაპირება კამპანიის ერთ-ერთ შეცდომად შეაფასა, თუმცა რეფერენდუმამდე მსგავსი შეფასების გაკეთება რატომღაც არცერთ მათგანს მოსვლია აზრად.

დაპირება #2: ბრექსიტი შეამცირებს ბრიტანეთში მიგრაციას. 23 ივნისის შემდეგ, ეს დაპირებაც სწრაფადვე იქნა უარყოფილი.

დაპირება #3: ბრექსიტი ეკონომიკაზე გავლენას არ იქონიებს. ესეც მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა. გირვანქა სტერლინგმა პირველივე დღიდანვე დაიწყო გაუფასურება, დღეს კი პრემიერ-მინისტრს სერიოზული თავსატეხი აქვს, თუ როგორ დატოვოს ლონდონი ფინანსური მომსახურების ბიზნესის საერთაშორისო ცენტრად.

დაპირება #4: თურქეთი ახლოსაა ევროპის კავშირში გაწევრიანებასთან, ამიტომაც თუ ბრიტანეთი არ დატოვებს ამ ორგანიზაციას, მილიონობით თურქი მიგრანტის მიღება მოუწევს. ესეც წმინდა წყლის პოპულისტური სპეკულაცია იყო. თურქეთის ევროპის კავშირში გაწევრიანება შორეული და ბუნდოვანი პერსპექტივაა.

ცხადია, „ბრექსიტის“ კამპანია დიდწილად პოპულიზმზე იყო აგებული. თუმცა დევიდ კამერონი უფრო თავისმა წინდაუხედავმა გადაწყვეტილებამ შეიწირა, პრემიერ-მინისტრმა არ გაითვალისწინა და რეფერენდუმში არ ჩადო უსაფრთხოების არანაირი დათქმა, რაც გაერთიანებული სამეფოს მომავლის ამომრჩეველთა უმცირესობის მიერ გადაწყვეტას გამორიცხავდა.

23 ივნისიდან დღემდე ვაკვირდებით წინასარეფერენდუმო კამპანიაზე გაცილებით საინტერესო და ამავდროულად უპრეცედენტო პროცესს. ამ პროცესში ბრიტანეთს კაპიტნობას ახალი პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი, უწევს. იგი ყოველ ფეხის ნაბიჯზე სხვადასხვა პრობლემას აწყდება. თითქოს ევროპის კავშირიდან გასვლის პროცესის სირთულე და ეკონომიკური გამოწვევები არ იყო საკმარისი, მთავრობას თავსატეხს უჩენს შოტლანდია, გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლო, ლონდონის ფინანსური სექტორი და ლორდთა პალატაც.

რეფერენდუმამდე შოტლანდიის პირველი მინისტრი, ნიკოლა სტარჯონი, არაერთხელ, ხაზგასმით მიანიშნებდა შოტლანდიის გაერთიანებულ სამეფოში დარჩენის გადაწყვეტილებასა და ევროპის კავშირის სიკეთეებით სარგებლობის კორელაციაზე. ედინბურგიდან ლონდონს ულტიმატუმის ენითაც კი ესაუბრებოდნენ და იმუქრებოდნენ, რომ გაერთიანებული სამეფოს ევროპის კავშირიდან გასვლის შემთხვევაში შოტლანდია გაერთიანებულ სამეფოს თავად დატოვებდა. რეფერენდუმმა აჩვენა, რომ შოტლანდიის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ჩრდილო ირლანდიის მსგავსად, ევროპის კავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი. შედეგების გამოცხადებიდანვე SNP-მა („შოტლანდიის ეროვნული პარტია“) ვესტმინსტერის მიმართ უკმაყოფილების აშკარად გამოხატვა დაიწყო, რაც ბოლოს დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმის მოთხოვნამდე მივიდა. თავის მხრივ, „ბრექსიტის“ ირგვლივ სამოქმედო გეგმაზე საუბრისას, ტერეზა მეიმაც აღნიშნა, რომ ლონდონი, ბელფასტი და ედინბურგი ყველაფერზე ვერ თანხმდებიან, მაგრამ ამ უთანხმოების მოგვარებაც ერთად მოქმედებით და თანამშრომლობით არის შესაძლებელი. შოტლანდიის კონსერვატორთა ყრილობაზე კი პრემიერ-მინისტრი ასეთი თავაზიანი არ ყოფილა, იგი ღიად დაესხა თავს შოტლანდიის ეროვნულ პარტიას და ბრალი დასდო დემოკრატიული ვალდებულებებისთვის თავის არიდებაში - „შოტლანდიაში ხალხი იმსახურებს პირველ მინისტრს, რომელიც ფოკუსირებულია მათ პრიორიტეტებზე: განათლების სტანდარტების გაუმჯობესებაზე, ჯანდაცვის სფეროზე, კრიმინალური სამართალწარმოების რეფორმაზე, ეკონომიკური წარმატების მიღწევაზე, ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე“.

ნიკოლა სტარჯონის მოთხოვნაც, შოტლანდიაში რეფერენდუმის გამართვის შესახებ, ტერეზა მეის სახით ყრუ კედელს წააწყდა. შეიძლება ლონდონში სერიოზულად არ აღიქვამენ „ბრექსიტის“ გამო შოტლანდიის დამოუკიდებლობის სურვილს. რეალურად, საამისო ობიექტური მიზეზებიც აქვთ: 1. გაერთიანებული სამეფოს დანარჩენი ნაწილი შოტლანდიისთვის უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია (გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე ევროპის კავშირი და დანარჩენი მსოფლიო ერთად აღებული); 2. დამოუკიდებელი შოტლანდიის ევროპის კავშირში გაწევრიანების საკითხი ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ევროპის სხვა ქვეყნებში სეპარატისტული განწყობების გამო; 3. მსოფლიო ბაზარზე დაბალია ნავთობის ფასი (დამოუკიდებელი შოტლანდიის ეკონომიკისთვის ნავთობის ექსპორტს უდიდესი მნიშვნელობა ექნება. დღევანდელი დაბალი ფასები კი ნიკოლა სტარჯონის სასარგებლოდ არ მუშაობს).

გაერთიანებული სამეფოს ერთიანობასა და შოტლანდიის დამოუკიდებლობაზე შეიძლება ბევრი ვიკამათოთ, მაგრამ არის ისეთი საკითხებიც, სადაც სერიოზული პრობლემები მეტ-ნაკლებად უკვე გამოკვეთილია - ასეთია „ბრექსიტის“ გავლენა ეკონომიკაზე. ბიზნესებმა ქვეყნის დატოვებაზე დაიწყეს საუბარი. ლონდონს, რომელიც დღემდე რჩება ევროპის ფინანსურ ცენტრად, ევროპის კავშირიდან გამოსვლის შემდეგ შეიძლება ამ სტატუსის შენარჩუნება გაუჭირდეს. საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ „ბრექსიტი“ ერთიანი ბაზრის დატოვებასაც გულისხმობს, ანუ მოვლენები ე.წ. „Hard Brexit“ სცენარით წარიმართება. ბრიტანული ბიზნესები თამამად ალაპარაკდნენ ათასობით სამუშაო ადგილის ევროპის კავშირში გადატანაზე, რაც ეკონომიკისთვის სერიოზული გამოწვევაა.

კიდევ ერთი წინააღმდეგობა, რომელსაც ტერეზა მეი ქვეყნის შიგნით წააწყდა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რომლის მიხედვითაც მთავრობას არ აქვს უფლება ევროპის კავშირთან ბრექსიტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლორდთა და თემთა პალატის თანხმობის გარეშე დაიწყოს. მიუხედავად მთავრობის არგუმენტისა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებას არ სჭირდებოდა პარლამენტის თანხმობა, სასამართლომ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო და მთავრობას საკანონმდებლო ხელისუფლების თანხმობის გარეშე ევროპის კავშირთან მოლაპარაკებების დაწყება აუკრძალა.

მართალია, თემთა პალატამ სრულად გაიზიარა მთავრობის პოზიცია და ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის შესახებ საკანონმდებლო აქტი უპრობლემოდ მიიღო, რაც დიდ ბრიტანეთსა და ევროპის კავშირს შორის „განქორწინების“ შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე მწვანე შუქს ნიშნავდა, მაგრამ წინააღმდეგობა წარმოიშვა იქ, სადაც არავინ ელოდა. პრემიერ-მინისტრი ყველასთვის მოულოდნელად არა-არჩევითმა ლორდთა პალატამ შეაფერხა. ლორდებმა საკანონმდებლო აქტში ცვლილება შეიტანეს, რომლის თანახმადაც, „ბრექსიტის“ შემდეგ ევროპის კავშირის მოქალაქეებს უფლება აქვთ გაერთიანებულ სამეფოში დარჩნენ. რეალურად ძნელია ამ საკითხში შეკამათება, დღეის მდგომარეობით ეს რამდენიმე მილიონი შრომითი მიგრანტი ბრიტანული ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კია. აღნიშნული გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღეში ლორდთა პალატამ ისევ შეიტანა „ბრექსიტის“ საკანონმდებლო აქტში შესწორება. ამჯერად პარლამენტის ზედა პალატა ბრიტანეთ-ევროპის კავშირს შორის მოლაპარაკებების პროცესში პარლამენტისთვის მთავრობის გადაწყვეტილებებზე „ვეტოს“ უფლების მოპოვებასა და აღნიშნულ პროცესში მთავრობის ხარჯზე პარლამენტის უფლებამოსილებების გაზრდას შეეცადა.

მართალია, თანამედროვე ბრიტანეთში ლორდთა პალატის ფუნქციები ცერემონიალურ საზღვრებს არ სცდება და თემთა პალატამ წინააღმდეგობაც მარტივად გადალახა, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკოსი იმდენად გააღიზიანა ამ ფაქტმა, რომ ზედა პალატის დემოკრატიულ, არჩევით ორგანოდ გადაკეთების აუცილებლობაზეც კი ალაპარაკდა. რამდენად შესაძლებელია მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის გაუქმება, სხვა საკითხია.

ვიდრე ევროპის კავშირთან ძალიან რთული მოლაპარაკებები დაიწყება, პრემიერ-მინისტრი ზემოთჩამოთვლილ შიდა გამოწვევებს უნდა გაუმკლავდეს, სხვა შემთხვევაში მას მოლაპარაკებების პროცესში წარმატების მიღწევა გაუჭირდება. სწორედ ქვეყნის შიგნით პოზიციების გამყარებას ისახავს მიზნად ვადამდელი არჩევნების გამართვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. პრემიერი მეი გაცილებით უფრო პოპულარული ლიდერია, ვიდრე მთავარი ოპონენტი, ლეიბორისტთა ლიდერი, ჯერემი ქორბინი; ტორების რეიტინგი ლეიბორისტებზე გაცილებით მაღალია, შესუსტებულია შოტლანდიის ეროვნული პარტიის პოზიციებიც შოტლანდიაში, საპირისპიროდ საგრძნობლად გაზრდილია შოტლანდიის კონსერვატორთა რეიტინგი (YouGov-ის მიერ The Times-ისთვის ჩატარებული კვლევების მიხედვით, 27-28 აპრილის მონაცემებით შოტლანდიაში კონსერვატორთა რეიტინგი 28% იყო, ლეიბორისტების - 18%, ხოლო SNP-ს 41% უჭერდა მხარს). თუ არჩევნების დღეს „იუნიონისტი“ პარტიები (კონსერვატორები, ლეიბორისტები, ლიბერალ-დემოკრატები და სხვ.) პროცენტულად უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებენ, ვიდრე SNP, მაშინ ნიკოლა სტარჯონს სავარაუდოდ რეფერენდუმზე უარის თქმა მოუწევს. არჩევნების მოსალოდნელ შედეგებს რაც შეეხება, მაღალი ალბათობით, კონსერვატორები დიდი უპირატესობით გამარჯვებას შეძლებენ.

წინასაარჩევნოდ პრემიერ-მინისტრისგან ისიც გავიგეთ, რომ მისი პარტია ბუნებით დაბალი გადასახადების მოყვარულია. რა შეიძლება იყოს ეს, თუ არა სიგნალი ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენელთათვის? ლონდონში ხომ უნდა მოიფიქრონ რაიმე ბიზნესებისთვის „ბრექსიტით“ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად? აღსანიშნავია ისიც, რომ უდიდესი ალბათობით, ეს იქნება ბოლო ათწლეულების ყველაზე წარმატებული არჩევნები „ტორებისთვის“,ტერეზა მეი კი პოსტს არა დამარცხებული დევიდ კამერონისგან გადაიბარებს, არამედ ბოლო წლების ყველაზე პოპულარული და ძლიერი კონსერვატორი ლიდერი გახდება, რაც მას მეტ მოქნილობასა და თავდაჯერებულობას შესძენს.

მალე გამოჩნდება, შეძლებს თუ არა მოქმედი ხელისუფლება ამ ძალიან სერიოზული შანსის გამოყენებას ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის. ერთი რამ კი ცხადია, მოვლენები ტერეზა მეისთვის იდეალური სცენარითაც რომ წარიმართოს, „ბრექსიტი“ ბრიტანეთისა და ევროპის გლობალურ მნიშვნელობას დააკნინებს. აზიის მზარდ რეგიონთან შედარებით, ევროპის ადამიანური, ფინანსური თუ სამხედრო რესურსები შედარებით შეზღუდულია. ბევრის აზრით, მცირდება ატლანტიკის ოკეანის მრავალსაუკუნოვანი მნიშვნელობა, მსოფლიოს გეოპოლიტიკური ღერძი დიდწილად ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებზე ინაცვლებს. თუ ბებერ კონტინენტზე საერთაშორისო მნიშვნელობის შენარჩუნება სურთ, გამოსავალი მეტი პოლიტიკური ინტეგრაცია და არა „ბრექსიტის“ მსგავსი სეცესიური პრეცენდენტებია. ბრიტანეთის მიერ ამის ხელახლა გაცნობიერებაც შეიძლება დროის საკითხია, შეგვიძლია ფსონები დავდოთ შემდეგი რეფერენდუმის დანიშვნის სავარაუდო თარიღზე, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს დაახლოებით ამგვარად ფორმულირებულ კითხვაზე მოსთხოვს პასუხის გაცემას: „უნდა გაწევრიანდეს თუ არა დიდი ბრიტანეთი ხელახლა ევროპის კავშირში?“.

 

ავტორი: გიორგი ხარებავა