ნახვა: 533

2017-06-21

აშშ-ს ახალი პრეზიდენტის სადებიუტო საერთაშორისო ვიზიტები

აშშ-ს 46-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, პრეზიდენტის რანგში პირველი ასდღიანი სამუშაო ნიშნულის გადალახვის შემდეგ, სადებიუტო საერთაშორისო ვიზიტები განახორციელა. ტრადიციულად, აშშ-ს პრეზიდენტების პირველი სამუშაო ვიზიტი ტარდება აშშ-ს უშუალო სამეზობლოში, კანადაში ან მექსიკაში. შესაძლოა ევროპაში, კერძოდ, დიდ ბრიტანეთში ან გერმანიაში, რაც ადრეც და დღესაც ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილის დადასტურების აუცილებელი პოლიტიკური გზავნილი იყო.

აშშ-ს პრეზიდენტის მხრიდან ასევე ლოგიკური იქნებოდა პირველი საერთაშორისო ვიზიტისთვის ისეთ პარტნიორი სახელმწიფო აერჩია, როგორებიც არიან ავსტრალია ან იაპონია (პრეზიდენტის რანგში ტრამპმა პირველი საერთაშორისო შეხვედრა სწორედ იაპონიის პრემიერ-მინისტრთან გამართა ნიუ იორკში, ტრამპ ტაუერში), ან თუნდაც ინდოეთი, რომელიც აზიაში, აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია და ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები პრაქტიკაში პირდაპირ აისახება მუდმივად მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობაში. ერთი სიტყვით, აშშ-ს პრეზიდენტების პირველი საერთაშორისო ვიზიტი ყოველთვის შეიცავს პარტნიორებთან მეგობრული ურთიერთობების გაგრძელების და თანამშრომლობის გაღრმავების პოლიტიკურ გზავნილს.

ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, აშშ-ს მედია და ექსპერტები სპეკულირებდნენ და ფაქტიურად ადასტურებდნენ ვარაუდს, რომ პრეზიდენტი პირველი საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან. ისინი პრეზიდენტების შეხვედრის სავარაუდო ადგილსაც ასახელებდნენ. სხვადასხვა ვარაუდებით, ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ისლანდიაში, ფინეთში ან სლოვენიაში უნდა შეხვედროდნენ. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა დადასტურებული ინფორმაცია, რომ პრეზიდენტებს შორის 2 მაისს განხორციელებული სატელეფონო საუბრის შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ ერთი-ერთზე შეხვედრაზე G20-ის ფარგლებში, რომელიც გაიმართება 7-8 ივლისს გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში.

დონალდ ტრამპის პირველ საერთაშორისო ტურნესთან დაკავშირებით ჟურნალისტების და ექსპერტების ვარაუდები არ გამართლდა. ტრამპმა რადიკალურად განსხვავებული ვიზიტების ციკლი დაგეგმა: საუდის არაბეთი; ისრაელი; პალესტინა; იტალია; ვატიკანი; ბელგია (ნატო) და ბოლოს ისევ იტალია (დიდი შვიდეულის შეხვედრა).

ტრამპის ვიზიტების პირველი ციკლი თავისთავად ატარებდა უაღრესად მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ დატვირთვას. თუმცა, სტანდარტული საპრეზიდენტო ვიზიტებისაგან განსხვავებით, ტრამპის პირველი საერთაშორისო შეხვედრები წამყვანი რელიგიების საერთაშორისო როლსაც ითვალისწინებდა. სწორედ ამიტომ, კრიტიკოსები ირონიულად აღნიშნავდნენ, რომ იერუსალიმში, ვატიკანში და ბეთლემში ჩასვლით ტრამპმა სამ აბრაამისეულ კონფესიას და ბიბლიურ ხალხებს ერთდროულად დაუდასტურა პატივისცემა. თუ გავითვალისწინებთ ამ ქვეყნებში გამართული შეხვედრების პოზიტიურ შეფასებებს, არ მივაქცევთ ყურადღებას პოლიტიკურად მიკერძოებულ კრიტიკას და მეტნაკლებად უსაფუძვლო ირონიას, ტრამპის ვიზიტის ამგვარად დაგეგმვა თავისთავად არ იყო ცუდი გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, ტრამპის ვიზიტის პოლიტიკური კონტურების ასეთი გზით გამოკვეთა შესაძლოა იყო დროული და აუცილებელი. 

ვიზიტის განმავლობაში, დონალდ ტრამპს საკმაოდ თავდაჯერებულად ეჭირა თავი (მას ხშირად აკრიტიკებენ პოლიტიკოსისთვის არაორდინალური თვისებების, ვულგარულობის ზღვარზე საჯარო მიმართვების, არც თუ ისე თავაზიანი მანერის და მოჩვენებითი დახვეწილობის გამო), თუ არ ჩავთვლით იმ უხეშ დიპლომატიურ გადაცდომას ბრიუსელში, ნატოს ახალი შტაბ-ბინის ეზოში, სადაც ტრამპი ნატოს გენერალურ მდივანთან და სახელმწიფოების მეთაურებთან ერთად მიემართებოდა კოლექტიური სურათის გადასაღებად. სახელმწიფოების მეთაურების ჯგუფში დაწინაურების მიზნით, ტრამპმა მის წინ მიმავალ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს, დუშკო მარკოვიჩს, ხელი ჰკრა და მოხერხებულად გადაინაცვლა მის ადგილზე. მარკოვიჩმა ეს ინცინდენტი უწყინარ ფაქტად შეაფასა და მოერიდა სხვა კომენტარის გაკეთებას.

საერთაშორისო ტურნეს განმავლობაში ტრამპი განსხვავდებოდა საკუთარი თავისგან. თუ გავიხსენებთ წინა საარჩევნო პერიოდში, ან ოვალურ კაბინეტში გატარებული პირველი ასი სამუშაო დღის განმავლობაში ტრამპის სკანდალურ საქციელს და ამას შევადარებთ მის ქმედებებს ვიზიტის განმავლობაში, დავინახავთ თვალშისაცემ განსხვავებას. ის მაქსიმალურად იცავდა პროტოკოლს, არ გაუმართავს არც ერთი პრეს-კონფერენცია და შეგნებულად არიდებდა თავს რეპორტიორებს. ტრამპი ასევე ცნობილია სოციალურ ქსელ Twitter-ში აქტიურობითაც. ამ ქსელში იგი ყოველდღიურად უამრავ პოსტს აქვეყნებს - პოსტავს ყველაფერს და მუდმივად. ვიზიტის განმავლობაში იგი ფაქტობრივად გაქრა სოციალური ქსელიდან. მხოლოდ რამდენიმეჯერ გვამცნო ვიზიტით კმაყოფილება.

პრეზიდენტის ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ, თეთრმა სახლმა საერთაშორისო ვიზიტები დადებითად შეაფასა და მას წარმატებული ტურნე უწოდა.

წარმატებად შეიძლება შეფასდეს ტრამპის ვიზიტი საუდის არაბეთში. პირველივე ვიზიტის დაგეგმვა სუნიტურ-არაბული სამყაროს ფლაგმანთან, სიმბოლური დატვირთვის გარდა, ასევე იყო პარტნიორული ურთიერთობების გამოსწორებისკენ გადადგმული ნაბიჯი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-სა და საუდის არაბეთის ურთიერთობები საგრძნობლად გაუარესდა ბარაკ ობამას მმართველობის პერიოდში. იემენის სამოქალაქო ომთან დაკავშირებით აშშ-ს პოზიცია და აშშ-ირანის ბირთვული შეთანხმება გახდა იმის მიზეზი, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის თანამშრომლობა საუდის არაბეთთან მინიმუმადე შემცირდა.

რიადში ტრამპის ვიზიტის პარალელურად, გაიმართა ისლამური სახელმწიფოების ლიდერების სამიტი, რომელსაც ესწრებოდა 56 ისლამური სახელმწიფოს მეთაური. როგორც წინა საარჩევნო პერიოდში, ასევე პრეზიდენტის რანგში, ტრამპი გამოირჩეოდა ანტი-მუსლიმური გამონათქვამებით და მუსლიმებისთვის აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლაზე შეზღუდვების დაწესების ინიციატივით. ამის მიუხედავად, ისლამური სახელმწიფოების ლიდერებმა ტრამპი მიიღეს თბილად და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში პარტნიორობაზეც შეუთანხმდნენ. ისლამური სახელმწიფოების ლიდერებისადმი ტრამპის მიმართვა ატარებდა ჰარმონიული ურთიერთობების ხელშეწყობის სულისკვეთებას. ამ სამიტის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაცას გაუჩნდა უაღრესად პოზიტიური სასტარტო პოზიციები სუნიტურ სამყაროსთან ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით.

აშშ-სა და ისლამურ ქვეყნებს შორის პარტნიორობის წამოწყების მცდელობა უმალვე გადაითარგმნა პოლიტიკურ პროცესში. სავარაუდოდ, სწორედ ტრამპის ვიზიტის გამოძახილია ყატარის სამეფოსთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის გადაწყვეტილება სუნიტური სახელმწიფოების მიერ.

საუდის არაბეთში ტრამპის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში დაიწყო ყატარის სამეფოს მზარდი დიპლომატიური კრიზისი. ტერორიზმის და ექსტრემისტული იდეოლოგიის მხარდაჭერის საბაბით, მრავალი ისლამური სახელმწიფოს დემარშის ტალღის შედეგად, დოჰასთან შეწყდა როგორც ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები, ასევე სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა. თეთრ სახლში არ ერიდებიან ამ სკანდალის ინიცირებასთან კავშირის დადასტურებას და მიიჩნევენ, რომ ამ გზით ყატარის იზოლირება მნიშვნელოვნად დააზიანებს ისლამური ექსტრემისტული დაჯგუფებების ფინანსური უზრუნველყოფის წყაროებს.

რიადში ტრამპის ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის დაიდო 110 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების და უსაფრთხოების გაძლიერების პროგრამების იმპლემენტაციის შეთანხმება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ამ ბიზნეს შეთანხმების მასშტაბი მიაღწევს 350 მილიარდ აშშ დოლარს. შეთანხმება იყოფა ხუთ კატეგორიად: საზღვრის დაცვა და ანტიტერორისტული პროგრამები; საჰაერო ძალების მოდერნიზაცია; საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა; საზღვაო და სანაპირო დაცვის გაძლიერება; კიბერუსაფრთხოების და კომუნიკაციების სისტემების განვითარება.

აშშ-საუდის არაბეთის შეთანხმების მასშტაბურობიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები არ იშურებენ მწვავე კრიტიკას ტრამპის ადმინისტრაციის მისამართით. უფლებედამცველებს მიაჩნიათ, რომ თავდაცვის სფეროში საუდის არაბეთის შესაძლებლობების გაძლიერება, ადამიანის უფლებების კუთხით, რეგიონში მკვეთრად გააუარესებს ისედაც უკიდურესად მძიმე სიტუაციას.

საუდის არაბეთის შემდეგ, ტრამპი ისლამური სამყაროს ცენტრიდან გაემგზავრა ისრაელში. ისტორიაში ეს იყო პირველი პირდაპირი ავია ფრენა საუდის არაბეთიდან ისრაელის მიმართულებით. ტრამპისადმი ლოიალურად განწყობილმა ანალიტიკოსებმა ეს სიმბოლური დეტალიც წარმატების ხაზგასასმელად გამოიყენეს და “the ultimate deal”-ის საწყის ფაზად შეაფასეს.

საუდის არაბეთისგან განსხვავებით, ისრაელში ტრამპის ვიზიტმა განსაკუთრებული სიახლე ვერ შესთავაზა საერთაშორისო საზოგადოებას. ისრაელის კომპლექსური პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვა დამოკიდებულია ამ ქვეყანის მიმართ არაბული სამყაროს დამოკიდებულებაზე, რისი შეცვლაც ნაკლებად სავარაუდოა პალესტინელების ინტერესების ხარჯზე. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნებისმიერი მასშტაბის საერთაშორისო მხარდაჭერის მიუხედავად, ისრაელი ვერ მოახერხებს მეზობლებთან სტაბილური ურთიერთობების ჩამოყალიბებას მანამდე, ვიდრე არ მოგვარდება პალესტინის პრობლემა არაბული სამყაროს ინტერესების ნაწილობრივ გათვალისწინებით. ისრაელის მთავრობა მუდმივად ცდილობს პალესტინის საკითხის მნიშვნელობის მეორეხარისხოვან კატეგორიაში გადატანას და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გამახვილებას ირანთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე, რაც არაერთხელ გამხდარა აშშ-სთან პოლიტიკური სკანდალის საფუძველი.

კარგად ნაცნობი და ადვილად პროგნოზირებადი სიტუაციის მიუხედავად, ისრაელში ტრამპის ვიზიტს მაინც ახლდა პოლიტიკური ეიფორია. ებრაული პრესა და ექსპერტები დიდ იმედებს ამყარებდნენ ტრამპის ვიზიტზე. პირველი ვიზიტების სიაში ისრაელის ჩასმის გადაწყვეტილებას მოჰყვა ვარაუდები, თუ რა ნაბიჯის გადადგმას აპირებდა ტრამპი ისრაელთან დაკავშირებით. აქედან ყველაზე დამაჯერებელი სპეკულაცია ვითარდებოდა ისრაელში აშშ-ს საელჩოს ადგილმდებარეობის შეცვლის შესახებ. ისრაელში დიდ იმედებს ამყარებდნენ, რომ ვიზიტის განმავლობაში ტრამპი აშშ-ს საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილებას დაადასტურებდა.

ცხადია, მსგავსი გადაწყვეტილება ფუნდამენტურად შეცვლის პალესტინის საკითხისადმი სტანდარტულ მიდგომებს და გამოიწვევს არაბული სამყაროს უკიდურეს გაღიზიანებას. თუმცა, ებრაელების მოლოდინის მასშტაბს თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იერუსალიმში საელჩოს გადატანის საკითხი სერიოზულად განიხილებოდა გარკვეულ წრეებში

შესაძლოა, ტრამპი საკუთარ თავს განიხილავს, როგორც Game Changer-ს და მას სჩვევია არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება. რა თქმა უნდა, ტრამპის მხრიდან ისრაელისთვის “საჩუქრის” გაკეთების ალბათობას არაბულ სამყაროშიც განიხილავდნენ და სწორედ ამან განაპირობა არაბული და ისლამური სამყაროს ლიდერების გამორჩეულად თბილი დახვედრა რიადში. ამას დრო გვაჩვენებს, ეს იყო ისრაელის status quo-ს შესანარჩუნებლად გადახდილი საფასური, თუუნიტური სამყაროს მხრიდან აშშ-სთან მეგობრული ურთიერთობების განახლების გულწრფელი სურვილის გამოვლინება.

საელჩოს იერუსალიმში გადატანა იმდენად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა, რომ ამ მოლოდინმა პრაქტიკულად გააფერმკრთალა ტრამპის ისრაელში ვიზიტის სხვა დეტალები. ტრამპი შეხვდა ბენიამენ ნეთანიაჰუს და მაჰმუდ აბბასს. როგორც იერუსალიმში ასევე ბეთლემში ტრამპმა ბევრი ისაუბრა მშვიდობის მნიშვნელობაზე, ქრისტიანებისა და მუსლიმების ძმური თანაცხოვრების აუცილებლობაზე, პალესტინისა და ისრაელის ტერიტორიული დავის მშვიდობიანი გზით მოგვარების უალტერნატივობაზე და პრაქტიკულად ყველაფერზე, რაზეც კონფლიქტის მედიატორები საუბრობენ.

შეიძლება დავასკვნათ, რომ ისრაელის მიმართ ტრამპის ადმინისტრაცია ახლო მომავალში არ აპირებს პოლიტიკის შეცვლას. არც ისრაელის მხრიდან არის მოსალოდნელი იმედგაცრუების გამოხატვა რადიკალური ფორმებით, როგორც ეს ხდებოდა ობამას მმართველობის პერიოდში. ამ მოცემულობაში ორივეს აწყობს მოვლენების პროგნოზირებადი და სტაბილური განვითარება.

იერუსალიმიდან აშშ-ს პრეზიდენტი გაემგზავრა რომში, სადაც შეხვდა იტალიის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს. შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების და საერთაშორისო უსაფრთხოების კამპანიების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

ისლამურ და ებრაულ ცენტრებში გამართული ვიზიტების შემდეგ, ლოგიკურია 1.2 მილიარდი კათოლიკე ქრისტიანის სულიერ ლიდერთან პატივისცემის დადასტურება - იერუსალიმიდან მხოლოდ 24 საათით რომში გამგზავრების რეალური მიზანი იყო ვატიკანში პაპთან აუდიენცია.

პაპთან ვიზიტი იმით იყო საინტერესო, რომ სტანდარტული პოლიტიკური გზავნილების და საპროტოკოლო ცერემონიის გარდა, შეხვედრა ატარებდა პირადი წყენის მიტევების და ერთგვარი შერიგების მნიშვნელობასაც. წინა საარჩევნო პერიოდში, ტრამპის ერთ-ერთი სკანდალური დაპირება იყო ემიგრანტებისთვის დაბრკოლების შექმნის მიზნით აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება. ამ ინიციატივას მექსიკაში ვიზიტის დროს გამოეხმაურა პაპი, რომელმაც გააკრიტიკა ტრამპი და მასზე საჯაროდ თქვა, რომ თუ კი მან მსგავსი რამ თქვა, ის არ არის ქრისტიანი - "I'd just say that this man is not Christian if he said it in this way". პაპთან გამართული თბილი შეხვედრა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ტრამპის კრიტიკის კომპენსაცია, რაც უპირობოდ შედის ორივე მხარის ინტერესებში.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს მშვიდობის გამოწვევებზე, მიგრანტების პრობლემატიკაზე და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე. სწორედ გარემოს დაცვა არის ის პრინციპული საკითხი, რაზეც პაპთან შეხვედრიდან რამოდენიმე დღეში G7-ის ლიდერები კვლავ შიკრიბნენ იტალიაში. ამ შეხვედრამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავდა პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებიდან გასვლას (რაც ტრამპა ვაშინგტონში დაბრუნებისთანავე დაადასტურა). შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კეთილშობილური მიზნების გარდა, სწორედ G7-ის დანარჩენი ლიდერების პოზიციამაც იქონია გავლენა იმაზე, რომ პაპმა ტრამპთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვის უალტერნატივობაზე. 

ვატიკანში ვიზიტის შემდეგ ტრამპი ევროპის დედაქალაქში - ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც შეხვედრები გამართა ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან და მონაწილეობა მიიღო ნატოს სამიტში. ვიზიტის ფარგლებში ტრამპი ასევე შეხვდა საფრანგეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს. მაკრონთან და ევროკავშირის ლიდერებთან გამართული შეხვედრების სასაუბრო თემები ფაქტობრივად ემთხვეოდა G7-ის ფარგლებში განსახილველ საკითხებს. 

აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ევროპის დედაქალაქში თავისი გეგმით ჩავიდა. როგორც გამოჩნდა გეგმა იყო status quo-ს შენარჩუნება და წინა საარჩევნო პერიოდში ევროპის მისამართით გამოთქმული კრიტიკისაგან დისტანცირება. ტრანს-ატლანტიკურ ურთიერთობებში პარტნიორული თანამშრომლობის სურვილის დეკლარირება მხოლოდ საპროტოკოლო შეხვედრებით შემოიფარგლა. ამ შეხვედრებმა საერთაშორისო საზოგადოებას რეალური სიახლე ვერ შესთავაზა. შეგვიძლია ვივარაუდთ, რომ ტრამპის გეგმა იყო ის, რომ ევროპის წინაშე არ აეღო დამატებითი ვალდებულებები.

წინა საარჩევნო პერიოდში ტრამპი ასევე გამოირჩეოდა ნატო-ს კრიტიკით. ის ალიანსს უწოდებდა მოძველებულს, რომელიც თავს ვერ ართმევს უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს. იმის მიუხედავად, რომ ნატოს სამიტის ფარგლებში ტრამპმა თავი შეიკავა საყვედურების და კრიტიკის ღია რიტორიკისაგან, მის ქცევებში ნათლად ჩანდა, რომ იგი ალიანსთან დაკავშირებით იგივე აზრზე რჩება. მის საქციელში და შეფარულ რიტორიკაში ასევე იკითხებოდა, რომ ტრამპი საკუთარ თავს განიხილავს, როგორც ალიანსის ლიდერს.

ერთადერთი, რაზეც ტრამპმა პრინციპული პოზიცია დააფიქსირა არის ალიანსის საწევრო კონტრიბუცია. ფაქტია, რომ ალიანსში შეთანხმებულ წილობრივ შენატანს მხოლოდ ხუთი სახელმწიფო ახორციელებს. ამ გარემოებას თუ შევაფასებთ მხოლოდ ფინანსური თანამონაწილეობის თვალსაზრისით, ქვეყნების ფინანსური ჩართულობის არათანაბარი სისტემა ბადებს უსამართლობის განცდას ამერიკელი გადასახადების გადამხდელების მიმართ. აქედან გამომდინარე, ალიანსთან დაკავშირებით ტრამპის უკმაყოფილება გარკვეული კუთხით გასაგებიც არის. 

თანამედროვე გამოწვევებთან შეუსაბამობის და დაფინანსების სისტემის უსამართლობის შესახებ კრიტიკის გარდა, თვალშისაცემი იყო ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა საერთოდ არ ახსენა ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლი, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს. ეს ფაქტი ბადებს ნეგატიურ სპეკულაციებს ნატო-ს წევრ სახელმწიფოებში, რაც აისახა კიდეც გერმანიის კანცლერის არაორაზროვან განცხადებაში, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტის კომენტარებშიც.

ბრიუსელიდან ტრამპი გაემგზავრა სიცილიის ქალაქ ტაორმინაში, რამაც მხოლოდ ორი დღით შეიძინა საერთაშორისო დიპლომატიის ცენტრის სტატუსი. დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა, ამ პატარა სანაპირო ქალაქში განიხილეს პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები.

G7-ის ფარგლებში, სახელმწიფოების მეთაურებმა განიხილეს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოორდინირებული თანამშრომლობის გეგმა; ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხეების განეიტრალების გზები; უკრანის საკითხი; გლობალური ეკონომიკის ახალი გამოწვევები, რასაც საფუძვლად უდევს Brexit-ი და აშშ-ს მიერ იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების გაუქმების შესაძლებლობა, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს არახელსაყრელად; კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვა.

სწორედ ეს უკანასკნელი - კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვა გახდა ის პრინციპული მიმართულება, რომელზეც მხარეები ვერ შეთანხმდნენ - ვაშინგტონში დაბრუნებისთანავე, ტრამპმა საერთაშორისო საზოგადოებას ამცნო, რომ უსამართლო მიდგომების გამო აშშ ტოვებს პარიზის შეთანხმებას. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ გმოთქვამს მზადყოფნას, შეცვლილი პირობებით ახალ ხელშეკრულებაზე მიერთებას და გარემოს დაცვის ვალდებულების აღებას. თუმცა, ევროპელმა ლიდერებმა (კერძოდ მაკრონი და მერკელი) ეს კატეგორიულად გამორიცხეს. 

ტრამპის პირველი საერთაშორისო ტურნე აშკარად იმაზე მიუთითებს, რომ საგარეო პოლიტიკაში ახალი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ეკონომიკას დაუთმობს, რაც აშშ-ში ფინანსების მიზიდვას გულისხმობს იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ადრე თავად ამერიკა უწევდა საინვესტიციო მხარდაჭერას.


ავტორი: კოტე იოსელიანი