ნახვა: 803

2017-10-09

FYROM-ის პოლიტიკური კრიზისი და ახალი ადმინისტრაციის საშინაო და საგარეო გამოწვევები

ხატია დავლიანიძე

საერთაშორისო ურთიერთობების IV კურსის სტუდენტი

 

პოლიტიკური არასტაბილურობა, საშინაო და საგარეო პრობლემები ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიისთვის ახალი არაა. გრძელი ამბის ჯერჯერობით ბოლო ეპიზოდი სათავეს 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან იღებს, როდესაც ოპოზიციურმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა  და მმართველი გუნდი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა. კრიზისი განსაკუთრებით გამძაფრდა 2015 წლის თებერვლიდან, როდესაც  სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ზორან ზაევმა პრემიერ-მინისტრი, ნიკოლა გრუევსკი, 20 000-ზე მეტი, მათ შორის, ოფიციალური პირის, პოლიტიკური ოპონენტის, მოსამართლის, პროკურორის, არასამთავრობო ორგანიზაციის  აქტივისტის,  ჟურნალისტის და ა.შ. უკანონო მოსმენაში დაადანაშაულა. ულტრა-მემარჯვენე VMRO-DPMNE-მ („მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია — დემოკრატიული პარტია მაკედონიის ეროვნული ერთიანობისათვის“) რომელიც FYROM-ს  2006 წლიდან მართავდა, ლეგიტიმაცია დაკარგა ზაევის მიერ იმ სკანდალური სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, სადაც საუბარია   პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და სასამართლო სისტემაზე მთავრობის მხრიდან  პოლიტიკურ ზეწოლაზე, ოპონენტების დაშინებაზე, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და არჩევნების გაყალბებაზე, ასევე  2011 წლის ივნისში დედაქალაქის მთავარ მოედანზე, სადაც VMRO-DPMNE ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას აღნიშნავდა, პოლიციის მიერ ცემით მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცზე.

სკანდალმა გამოავლინა სახელმწიფოს დახვეწილი კორუფციული სისტემა, რომლის საშუალებითაც მმართველი გუნდი წლების განმავლობაში ახერხებდა ძალაუფლების შენარჩუნებას. გრუევსკიმ უარყო ბრალდება და ზაევი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა. ჩანაწერების გამოქვეყნებას სწრაფადვე მოჰყვა საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით.ანტი-სამთავრობო გამოსვლები შეწყდა მას შემდეგ, რაც ოთხ პოლიტიკურ პარტიას შორის EU-ს შუამავლობით გაფორმდა შეთანხმება(Pržino Agreement), რომელიც ითვალისწინებდა - 1)რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ სოციალ-დემოკრატების პარლამენტში დაბრუნებას, 2)ოპოზიციური პარტიებიდან მინისტრების დანიშვნას, 3)არჩევნებამდე 100 დღით ადრე მოქმედი პრემიერ-მინისტრის გადადგომას, 4)ივნისში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და სპეციალური პროკურორის მიერ სატელეფონო ჩანაწერების საქმის გამოძიებას.

შეთანხმების შესრულებაზე, რომელსაც FYROM-ის პოლიტიკური და ინსტიტუციური კრიზისი უნდა დაესრულებინა, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ უარი განაცხადა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ სპეციალურ პროკურორად დაინიშნა მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირი. ვითარება განსაკუთრებით დაძაბა პრეზიდენტ ივანოვის გადაწყვეტილებამ, როდესაც  მან გრუევსკის წინააღმდეგ გამოძიება შეწყვიტა და ფარული მოსმენების საქმის ფიგურანტი პოლიტიკოსები შეიწყალა. ცხადია, კორუმპირებული თანამდებობის პირების დაცვის მცდელობას დასავლეთისგან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, საბოლოოდ შიდა და საერთაშორისო ზეწოლის შედეგად პრეზიდენტმა შეწყალების გადაწყვეტილება გააუქმა.

იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციური პარტიები სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის შესაბამის პირობებს ითხოვდნენ, არჩევნების თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. ივლისის ბოლოს ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ ახალ შეთანხმებას მოაწერა ხელი და ვადამდელი არჩევნები 11 დეკემბერს დაინიშნა.

2016 წლის 11 დეკემბრის არჩევნების შედეგად VMRO-DPMNE-მ მოიპოვა 51 მანდატი,    SDSM-მ („მაკედონიის სოციალ-დემოკრატიული კავშირი”) - 49. ალბანურმა პარტიებმა საერთო ჯამში 20 მანდატის  მოპოვება შეძლეს: DUI („დემოკრატიული კავშირი ინტეგრაციისთვის“) - 10, Besa Movement - 5, AA (“ალიანსი ალბანელებისთვის“) - 3, DPA („ალბანელების დემოკრატიული პარტია“) - 2.

FYROM-ის  საკანონმდებლო ორგანო 120 წევრისგან შედგება, მთავრობის ფორმირებისთვის საჭიროა 61 მანდატი. საპარლამენტო არჩევნებზე  ხმების უმრავლესობა  გრუევსკის პარტიამ მიიღო (51 მანდატი), შესაბამისად დამოუკიდებლად მთავრობის ჩამოყალიბება ვერ მოახერხა, ამდენად ალბანური პარტიების მანდატები გადამწყვეტი აღმოჩნდა ახალი მთავრობის ფორმირებისთვის. VMRO-DPMNE-მ ვერც კოალიციის შექმნა შეძლო რამდენიმე  მიზეზის გამო, კერძოდ, ფარული მოსმენების სკანდალის შემდეგ გრუევსკის პარტიასთან კოალიციის ჩამოყალიბება ყველა პოლიტიკური პარტიისთვის ფაქტობრივად პოლიტიკურ სუიციდს ნიშნავდა. გარდა ამისა, ულტრა-ნაციონალისტური VMRO-DPMNE-ს მთელი წინა საარჩევნო კამპანია აგებული იყო ანტი-ალბანურ სენტიმენტებზე, ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ალბანურ პარტიებს მათთან კოალიციაში ყოფნის სურვილი არ ჰქონდათ, ამასთან გრუევსკი ღიად აცხადებდა, რომ თანამშრომლობის სანაცვლოდაც არ აპირებდა ამ პარტიების მოთხოვნების შესრულებას.

არჩევნების შემდეგ ალბანურმა პარტიებმა ის ძირითადი პირობები ჩამოაყალიბეს, რაზეც  სოციალ-დემოკრატ, ზორან ზაევთან, თანამშრომლობას დათანხმდებოდნენ.  „ალბანური პლატფორმის“ თანახმად - ალბანური ენა უნდა გახდეს მეორე ოფიციალური ენა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე (მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ალბანურს ოფიციალური ენის სტატუსი მინიჭებული აქვს იმ რეგიონებში,სადაც ეთნიკურად ალბანელები მოსახლეობის 20%-ზე მეტს შეადგენენ); პარლამენტმა უნდა მიიღოს რეზოლუცია, რომელიც დაგმობს 1912-1956  წლებში ალბანელების გენოციდს „მაკედონიაში“;  მთავრობამ FYROM-ის ყველა რეგიონში თანაბარ  სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი; საგამოძიებო კომისიები და დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანოები უნდა ჩაერთონ იმ სასამართლო საქმეებში, რომლებიც ეთნიკურად ალბანელებს ეხებათ; უნდა შეიქმნას ახალი სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ეთნიკური უმცირესობის უფლებებს და იზრუნებს მათ თანაბარ სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე; ალბანელები უნდა ჩაერთონ სამუშაო ჯგუფში, რომელიც საბერძნეთთან სახელწოდებასთან დაკავშირებულ დავის მოგვარებასა და ბულგარეთთან  ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მუშაობს.

SDSM დათანხმდა ამ მოთხოვნებს, თუმცა, VMRO-DPMNE-ს არ სურდა  ძალაუფლების დათმობა, ამიტომ „ალბანური პლატფორმა“ შეაფასა უცხო სახელმწიფოს მხრიდან ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობად, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საფრთხედ და მხარდამჭერებს ქვეყნის დაცვისკენ მოუწოდა.

2016 წლის 11 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებს უნდა დაესრულებინა პოლიტიკური კრიზისი, თუმცა, მთავრობის ფორმირებაზე მანდატის მიცემაზე უარის თქმით პრეზიდენტმა ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო დაძაბა. მან დემოკრატიის პრინციპებთან და კანონის უზენაესობასთან შეუსაბამო ქმედებით საპარლამენტო უმრავლესობას არ მისცა საშუალება, ჩამოეყალიბებინა ახალი ადმინისტრაცია და მაკედონია თითქმის ექვსი თვის განმავლობაში მთავრობის გარეშე დატოვა. სამთავრობო კრიზისის ეთნიკურ კონფლიქტში გადაზრდის საფრთხე გაჩნდა, ვითარება განსაკუთრებულად დაიძაბა 27 აპრილს, როდესაც პარლამენტის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი თალეთ ჯაფერის არჩევას საკანონმდებლო ორგანოში ნაციონალისტების ჯგუფის შეჭრა მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ OCCRP-ის(„ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის გაშუქების პროექტი“) მიერ მოპოვებული დოკუმენტების და FYROM-ის დაზვერვის ანგარიშების თანახმად, 27 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში ნაციონალისტების შეჭრა არ იყო სპონტანური ქმედება და პარლამენტში განვითარებულ მოვლენებში ჩართული იყო სერბეთისა და რუსეთის სპეცსამსახურები.

აღსანიშნავია ისიც, რომ  რუსეთმა ღიად დაუჭირა მხარი ნიკოლა გრუევსკის. პოლიტიკურ კრიზისში მან FYROM-ის „გულშემატკივრის“ როლი მოირგო და დასავლეთი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და „დიდი ალბანეთის“ იდეის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. გასაკვირი არაა, რომ რუსეთი პან-სლავური იდენტობისა და ერთმორწმუნეობის გამოყენებით ანტი-დასავლური სენტიმენტების გაძლიერებას ცდილობს. მისი მიზანია, მაქსიმალურად შეამციროს მაკედონიის ნატოსა და ევროპის კავშირში ინტეგრაციის შანსები და ბალკანეთში არასტაბილური პოლიტიკური ვითარების ხელშეწყობით გავლენა შეინარჩუნოს რეგიონზე.

საბოლოოდ დასავლელი პარტნიორების ძალისხმევით მაისში პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობისთვის მანდატის მიცემაზე დათანხმდა და 2017 წლის 1 ივნისს FYROM-ის პარლამენტმა, არჩევნებიდან 157 დღის შემდეგ, ახალი მთავრობა დაამტკიცა.

ახლა FYROM-ს მართავს კოალიციური მთავრობა SDSM-ის, DUI-ს და AA-ის  შემადგენლობით. 11 წლის შემდეგ სოციალ-დემოკრატიული პარტია ისევ მმართველ ძალას წარმოადგენს. დასრულდა სამწლიანი პოლიტიკური კრიზისი, თუმცა, ახალი მთავრობა უამრავი შიდა და საერთაშორისო გამოწვევის წინაშე  დგას. მმართველ გუნდს სუსტი საპარლამენტო უმრავლესობა აქვს (62 მანდატი), რაც მთავრობის სტაბილურობაზე  გრძელვადიან პერსპექტივაში ეჭვებს აჩენს; ამას გარდა, სოციალ-დემოკრატებმა უნდა უზრუნველყონ ალბანური პარტიების პოლიტიკურ პროცესებში მაქსიმალური ჩართვა და თანამონაწილეობა. იმის გათვალისწინებით, რომ მაკედონიის მოსახლეობის 25%-ს ეთნიკური ალბანელები შეადგენენ, საკანონმდებლო ორგანოს და, ზოგადად, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები ეთნიკურ კონსენსუსს დაეფუძნოს; პარლამენტმა სწრაფად უნდა მიიღოს ალბანურ ენასთან დაკავშირებული კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში ზაევის პარტია ალბანელი პარტნიორების მხარდაჭერას დაკარგავს; FYROM-ს აქვს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, ის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა რეგიონში, კორუფციისა და უმუშევრობის (საშუალოდ - 32%, 2016 წელს- 26%) მაღალი მაჩვენებლით; ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დისფუნქციური პოლიტიკური ინსტიტუტები და არათავისუფალი მედია გარემო; რეფორმების გასატარებლად საჭიროა მთავრობასა და ოპოზიციას შორის  პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა, ოპოზიცია კი ყველანაირი საშუალებით ცდილობს პარლამენტის პარალიზებას,VMRO-DPMNE-მ შექმნა ათი ფიქტიური საპარლამენტო ჯგუფი, რითიც მთავრობის მიერ მომზადებულ კანონ-პროექტებს ბლოკავს და აფერხებს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას, შესაბამისად  ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების პროცესი დროში იწელება, რაც დროთა განმავლობაში უარყოფითად აისახება ზაევის რეიტინგზე; ახალი  მთავრობის დემოკრატიული მმართველობის ფორმასა და კანონის უზენაესობის პრინციპისადმი ერთგულებას გამოცდა ელის ოქტომბერში დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებზე. ცხადია, საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღია და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება.

კოალიციური მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპის კავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, თუმცა, დაბრკოლებას ქმნის მაკედონიის კონსტიტუციურ სახელწოდებასთან დაკავშირებული დავა მეზობელ სახელმწიფოსთან. საბერძნეთი მოითხოვს, რომ ტერმინ „მაკედონიას“ წინ დაერთოს გეოგრაფიული განსაზღვრებაც, რომ  ქვეყნის კონსტიტუციური სახელწოდება მომავალში არ გახდეს საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიის საფუძველი.

წლებია, ორ ქვეყანას შორის გაეროს შუამავლობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ დავის გადაწყვეტა დღემდე ვერ მოხერხდა. მაკედონიის მხრიდან კომპრომისზე წასვლის გარეშე ევროპის კავშირსა და ნატოში გაწევრიანება ჯერჯერობით შეუძლებელი ჩანს (2001 წლიდან FYROM-ს ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული).

2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე საბერძნეთის ვეტომ FYROM-ის ალიანსში მიწვევის გადაწვეტილებაზე დასავლეთისადმი იმედგაცრუება გამოიწვია. ამ პერიოდიდან მაკედონია ხდება რუსეთის პროპაგანდის სამიზნე. ანტი-დასავლური რიტორიკით, სლავურ „განსაკუთრებულობაზე“ საუბრით, ნაციონალისტური მისწრაფებების ხელშეწყობითა და წახალისებით, რუსეთმა, ერთ დროს პრეზიდენტ ბუშის ფავორიტი, პროდასავლელი გრუევსკი, რუსეთისგან მხარდაჭერილ, ნაციონალისტ მმართველად აქცია.

გრუევსკის ავტორიტარულმა მმართველობამ, ასევე სახელთან დაკავშირებულმა პრობლემამ EU-ს წევრობის კანდიდატი ქვეყანა წლების განმავლობაში „მოსაცდელ ოთახში“ შეაყოვნა. რამდენიმეწლიანი პოლიტიკური კრიზისის დასრულებით მაკედონია ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. FYROM-ის ევროატლანტიკური მომავალი დამოკიდებულია, რამდენად შეძლებს ახალი ადმინისტრაცია ნაციონალისტურად განწყობილი  მულტიეთნიკური საზოგადოების ევროპული ინტეგრაციის იდეის გარშემო  გაერთიანებას.

რადიკალურად ნაციონალისტური პარტია VMRO-DPMNE ქვეყნის კონსტიტუციური სახელწოდების ცვლილებას მხარს არ უჭერს, შესაბამისად, მოკლევადიან პერსპექტივაში, მოქმედი ხელისუფლება, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას და დავის მოგვარებას მეზობელ სახელმწიფოსთან  ვერ შეძლებს. თუ ახალი ადმინისტრაცია ეფექტურად გაუმკლავდება ქვეყანაში არსებულ  შიდა გამოწვევებს და უახლოეს მომავალში მოსახლეობისთვის შესამჩნევი გახდება ქვეყნის განვითარება სხვადასხვა მიმართულებით - ეკონომიკის ზრდა, დემოკრატიული მმართველობა, კანონის უზენაესობა და ა.შ., მთავრობის მხარდაჭერა გაიზრდება. მანამდე 15 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე SDSM-ის  დამაჯერებელი გამარჯვება სჭირდება, რაც შესაძლებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნის წინაპირობაც გახდეს.

მოვლენები ზორან ზაევისთვის იდეალური სცენარითაც რომ წარიმართოს და უახლოეს მომავალში  საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს (ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში), ვიდრე ორი ქვეყანა არ შეთანხმდება ისეთ სახელწოდებაზე, რომელიც 1) FYROM-ს მკვეთრად გამიჯნავს საბერძნეთის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისგან, 2) არ იქნება ბუნდოვანი და ორაზროვანი, 3) მომავალში არ მოიაზრებს არცერთი მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიას (წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ახლა მხოლოდ საბერძნეთის ვეტო აფერხებს FYROM-ის ევროინტეგრაციას, მომავალში მას შეიძლება ბულგარეთი და ალბანეთიც შეუერთდნენ), 4) არ შეიცავს მხოლოდ სლავურ ელემენტს  და 5) მისაღები იქნება FYROM-ის  მოსახლეობისთვის (მათი უმრავლესობა ქვეყნის კონსტიტუციური სახელწოდებიდან ტერმინ "მაკედონიის" ამოღების წინააღმდეგია) მრავალწლიანი ისტორიული დავის მოგვარება უტოპიურ ოცნებად დარჩება.

საბერძნეთთან აქტიური მოლაპარაკებების დაწყებით და ბულგარეთთან „მეგობრობის, კეთილმეზობლური ურთიერთობისა და თანამშრომლობის“ შესახებ დადებული ხელშეკრულებით, რომელიც აღიარებს ორი ქვეყნის საერთო წარსულს და უკან იტოვებს ისტორიის განსხვავებულ ხედვას, ახალმა ადმინისტრაციამ დაამტკიცა, რომ მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებით არ იზიარებს  წინა მთავრობის ხისტ პოლიტიკას და ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, პრაგმატულ მიდგომას არჩევს. აქედან გამომდინარე, FYROM-ის  ევროატლანტიკური პერსპექტივა ახლა უფრო რეალური ჩანს.