ნახვა: 863

2018-04-17

სირია, ქიმიური იარაღი და ტრამპი

უკანასკნელი დღეების მანძილზე სირიაში არსებული ვითარება საკმაოდ დაიძაბა. 7 აპრილს სირიის ქალაქ დუმაში განხორციელებულ ქიმიურ შეტევას 42 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და 500-მდე მძიმედ დაშავდა. ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის (WHO) ცნობით, ქიმიური შეტევისას გამოყენებულ იქნა მომწამვლელი ნივთიერება ზარინი. დასავლური სამყარო მომაკვდინებელი იარაღის გამოყენებაში ბაშარ ასადის მთავრობას ადანაშაულებს, თუმცა, სირიის პრეზიდენტი და მისი მთავარი მოკავშირეები რუსეთი და ირანი - უარყოფენ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს.

სირიის სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო და მასში სამთავრობო ძალებისა და სირიული ოპოზიციის გარდა, მსოფლიოს რამდენიმე უძლიერესი სახელმწიფოა ჩართული. ასადის რეჟიმის შენარჩუნებას რუსეთი და ირანი ცდილობენ, ოპოზიციას კი მხარს აშშ და მისი მოკავშირეები უჭერენ. სამოქალაქო ომებით გამოწვეული სირიის და ნაწილობრივ ერაყის დეზინტეგრაციის შედეგად წარმოქმნილმა ძალაუფლების ვაკუუმმა, ლევანტის ტერიტორიაზე 2014 წელს კვაზიერთეულის „დაეშის“ წარმოქმნას შეუწყო ხელი. 2014 წელს „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყისა და სირიის ტერიტორიების დიდი ნაწილი დაიკავა, რის შემდეგაც კონფლიქტში მონაწილე მხარეების მთავარი მიზანი ამ ტერორისტული დაჯგუფების დამარცხება იყო.

აშშ-ს ძალისხმევით და სირია-რუსეთის კოოპერაციის შედეგად ეს ამოცანა გადაიჭრა. ასადის რეჟიმმა, მოსკოვის დახმარებით სირიის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენა დაიწყო. ა.წ. 18 თებერვლიდან მოყოლებული, სირიის დემოკრატიული ოპოზიციის ძალებთან ბრძოლები დამასკოს მახლობლად, აღმოსავლეთ ღუტას რეგიონში მიმდინარეობს. 7 აპრილს ქიმიური თავდასხმა სწორედ ამ პროვინციაში, ამბოხებულთა უკანასკნელ დასაყრდენ-ქალაქ დუმაში მოხდა. ამ მოვლენამ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები მკვეთრად გააუარესა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ მედია Twitter-ის საშუალებით გაავრცელა განცხადება: “რუსეთი იმუქრება, რომ ჩამოაგდებს ნებისმიერ თვითმფრინავს, რომელიც დაბომბავს სირიას. მოემზადე რუსეთო, რადგან რაკეტები იქნება. და ეს რაკეტები იქნება ახალი, კარგი და ჭკვიანი”. აშშ-ს პრეზიდენტს, ლიბანში რუსეთის ელჩი ალექსანდრ ზაპისკინი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი აუცილებლად ჩამოაგდებს ყველა რაკეტას და დაბომბავს ყველა იმ ტერიტორიას, საიდანაც გაშვებული იქნება რაკეტები.

იმისათვის რომ სირიის სამოქალაქო ომში არსებული ვითარება შევაფასოთ, საჭიროა, მასში მონაწილე მხარეთა ინტერესების ამოცნობა. აშშ, სირიაში 3 ძირითადი მიზნის მიღწევას ცდილობს: 1. ბაშარ ასადის არალეგიტიმური ხელისუფლის ჩამოგდება, რისთვისაც იგი ოპოზიციურ ძალებს, ე.წ. „სირიის დემოკრატიულ ოპოზიციას“ ეხმარება; 2.შეზღუდოს ასადის მთავარი მოკავშირეების, რუსეთისა და ირანის გავლენა რეგიონში; 3.მესამე ძირითადი მიზანი სამოქალაქო ომის დასრულება და „ისლამური სახელმწიფოს“ საბოლოოდ განადგურებაა. თავის მხრივ, ასადის რეჟიმის მიზნებია: 1.ძალაუფლების შენარჩუნება - ეს „უზენაესი“ განზრახვა ამართლებს ყველა საშუალებას; სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარეობს ყველა შემდგომი სხვა ინტერესი; 2. „სირიის დემოკრატიული ოპოზიციის“ განადგურება, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ხელისუფლებას. ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი პოზიციების გასანადგურებლად ის იყენებს რუსულ ავიაციას; 3.საკუთარი ძალაუფლების მთელი სირიის მასშტაბით გავრცელება - დღესდღეობით სირია დაყოფილია რამდენიმე ნაწილად: ტერიტორიის უმეტესობას დამასკო აკონტროლებს, თუმცა, ჯერჯერობით პოზიციებს სირიის ოპოზიციაც ინარჩუნებს. ტერიტორიის მცირე ნაწილი ისევ რჩება „ისლამური სახელმწიფოს“ ხელში, ხოლო სირიის ჩრდილოეთ ნაწილს ქურთული ძალები აკონტროლებენ. 4. ქურთული სეპარატიზმის შეზღუდვა სირიის სამთავრობო ძალებმა და თურქულმა არმიამ, „ზეთისხილის რტოს“ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, აიღეს ქურთული ქალაქი აფრინი. შემდეგი სამიზნე ქალაქი მანბიჯია, რომლის დაკავება ასადისთვის ქურთული პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზაა.

რაც შეეხება რუსეთს, მისი მთავარი მიზნებია: 1. ასადის რეჟიმის შენარჩუნება და საერთაშორისო არენაზე მისი ლეგიტიმურობის დამტკიცება; 2. ახლო აღმოსავლეთში რუსული პოზიციების გაძლიერება 3. აშს-ს და მისი მოკავშირეების გავლენის შეზღუდვა ახლო აღმოსავლეთში და ხმელთაშუა ზღვაში მოქმედებებისთვის პლაცდარმის შენარჩუნება.

გარდა სამხედრო კონფრონტაციისა, დაპირისპირებული მხარეები დიპლომატიური უპირატესობის მოპოვებას და საკუთარი პოზიციის სისწორის დამტკიცებას ცდილობენ. მწვავე დებატები მიმდინარეობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. გაეროში აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ ასადის რეჟიმი ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა. მისი აზრით, რუსეთისა და ირანის პოზიცია ამ ქიმიურ თავდასხმებს ახალისებს. რუსულ მედიაში კი აცხადებენ, რომ ქიმიური თავდასხმა აშშ-ს მოწყობილია და მისი მიზანი სირიაში მომავალი ინტერვენციის გამართლებაა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარადგინა გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა დამოუკიდებელი საგამოძიებო კომიტეტის შექმნას, რომელსაც უნდა გამოეძია ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი. საპასუხოდ, რუსეთმა შეიმუშავა საკუთარი გეგმა, რომლის მიხედვითაც, ქიმიური თავდასხმის ფაქტს რუსეთის მიერ არჩეული ადამიანები გამოიძიებდნენ. ამერიკულ გეგმას უშიშროების საბჭოში რუსეთმა დაადო ვეტო, ხოლო რუსული პროექტი აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა დაბლოკეს.

ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ სირიის თაობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს 48 საათში მიიღებდა. 12 აპრილს ვაშინგტონში პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოსთან ერთად აშშ-ს სავარაუდო მოქმედებებზე იმსჯელა. სირიაში საკუთარი მიზნების მისაღწევად შეერთებულ შტატებს 3 ძირითადი არჩევანი აქვს:

სცენარი #1- აშშ განახორციელებს სირიაზე წერტილოვან დარტყმებს. ამგვარი მიდგომა მან 2017 წლის 7 აპრილს გამოიყენა, როდესაც ის სირიული ავიაბაზა დაბომბა, საიდანაც, მისი ინფორმაციით, ასადის რეჟიმმა ქიმიური იარაღი გაუშვა. მიუხედავად ამისა, ამ მოქმედებით შტატებმა საკუთარ მიზანს ვერ მიაღწია - დარტყმიდან 24 საათში სირიამ და რუსეთმა სამხედრო ბაზაზე კონტროლი აღადგინეს. წერტილოვან საჰაერო დარტყმებს ხელშესახები პოლიტიკური მიზნების მიღწევა 2 მიზეზის გამო არ შეუძლია: ა) იგი ვერ აიძულებს ასადს, რომ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი არ გამოიყენოს, რადგან წერტილოვანი დარტყმები მას საკმარის ზარალს არ აყენებს. ბ) ასადის რეჟიმის გარანტორებს-რუსეთსა და ირანს მარტივად შეუძლიათ აშშ-სგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება;

სცენარი #2- აშშ არ დაიწყებს სირიაში უშუალო სამხედრო შეტევას და განაგრძობს უკვე ნაცად პოლიტიკას: დაეხმარება ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე ძალებს საკუთარი მიზნების მიღწევაში. ამგვარი პოლიტიკა “სირიის დემოკრატიულ ოპოზიციასა” და სირიელ ქურთებზეა გათვლილი. ისინი ქვეყანაში აშშ-ს მთავარი მოკავშირეები არიან. ეს სცენარი შტატებს წარმატების გარანტიას ვერ მისცემს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები დღითიდღე კარგავენ საკუთარ პოზიციებს: ა) სირიულმა ოპოზიციამ საკუთარი ტერიტორიების 90% დაკარგა და ახლა მხოლოდ აღმოსავლეთ ღუტაში ინარჩუნებს გავლენას; ბ) “ზეთისხილის რტოს” სამხედრო ოპერაციის შემდეგ, თურქეთმა და სირიის სამთავრობო ძალებმა ერთობლივი შეტევით აიღეს ქალაქი აფრინი. ამ კოალიციის კიდევ ერთი მიზანი ქალაქ მანბიჯის დაკავება და სირიელი ქურთების საბოლოოდ განადგურებაა. როგორც ჩანს, პროამერიკული ძალების დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია. შესაბამისად, ზემოთხსენებული მიდგომა აშშ-სთვის სირიის საკითხში გეიმ-ჩეინჯერი ვერ გახდება.

სცენარი #3- ამერიკის შეერთებული შტატები სირიაში სრულმასშტაბიან ინტერვენციას განახორციელებს. ამგვარი მიდგომა ასადის რეჟიმის დამხობისა და სირიული პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა, თუმცა ამ სცენარის ხორცშესხმას არსებული გეოპოლიტიკური და დიპლომატიური პრობლემები ართულებს: ა) ასადის რეჟიმმა სირიის ტერიტორიის დაახლოებით 90%-ზე აღადგინა კონტროლი. ტარტუსის საზღვაო ბაზით და ჰმეიმის ავიაბაზის მეშვეობით რუსეთი მთელ რეგიონს ფარავს. შედეგად, აშშ-ს ინტერვენცია სირიაში გარკვეულ სამხედრო და გეოპოლიტიკურ წინაღობებთანაა დაკავშირებული; ბ) სირიაში სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში აშშ-ს დიპლომატიური ლეგიტიმაცია დასჭირდება. ამგვარი ლეგიტიმაციის მოპოვება კი 2003 წლის ერაყისა და 2011 წლის ლიბიის მოვლენების შემდეგ ჰეგემონ სახელმწიფოს უფრო მეტად გაუჭირდება. ბოლოდროინდელი წარმატებები დიპლომატიაში (მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებიდან დაახლოებით 150 რუსი დიპლომატის გაძევება), რომელიმე ქვეყანაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის გასამართლებლად საკმარისი არაა. კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი თურქეთია. სირიაში სამხედრო ინტერვენცია მთელ რიგ ლოჯისტიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ამგვარი სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში გადამწყვეტ ფაქტორს ინჯირლიქის ამერიკული ავაიაბაზა ითამაშებს, თუმცა, ბოლო დროს თურქეთისა და აშშ-ს ურთიერთობების დინამიკა გვაფიქრებინებს, რომ თურქეთი 2003 წლის მსგავსად, შეერთებულ შტატებს საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების ნებას არ მისცემს.

ნებისმიერი სცენარის გათამაშების შემთხვევაში, წარმატების მიღწევის შანსი ძალიან მცირეა, რაც გადაწყვეტილების მიმღებ პირებს კიდევ უფრო მეტ თავსატეხს უჩენს. მიუხედავად შეერთებული შტატების გადაწყვეტილებისა, ნებისმიერ შემთხვევაში, სირიის სამოქალაქო ომში საკუთარი მიზნების მისაღწევად მას დიდი საფასურის გადახდა მოუწევს.



ავტორი: გიგა ჯოხაძე, საერთაშორისო ურთიერთობების მე-4 კურსის სტუდენტი