ნახვა: 899

2018-04-30

ორბანი მესამედ

1989 წლის 16 ივნისს ბუდაპეშტში, გმირთა მოედანზე მდგარი ანტიკომუნისტური მოძრაობის  - „ახალგაზრდა დემოკრატთა ალიანსის“ დამფუძნებელი 25 წლის ვიქტორ ორბანი, რომელიც საბჭოთა ჯარების გაყვანასა და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდა, ორი ათწლეულის შემდეგ, ბევრის აზრით,  „არალიბერალური დემოკრატიის“ არქიტექტორად მოგვევლინა.

1988 წელს შექმნილმა ორბანის პარტია, Fidesz-მა, თავდაპირველად 1998 წელს შეძლო ხელისუფლების სათავეში მოსვლა, თუმცა, შემდეგ ორ საპარლამენტო არჩვენებში სოციალისტურ პარტიასთან (MSZP) დამარცხდა და ოპოზიციაში გადაინაცვლა.

2006   წელს  გავრცელდა MSZP-ის დახურული შეხვედრის ფარული ჩანაწერი, რომელშიც პრემიერ-მინისტრი, ფერენც გურჩანი, თანაპარტიელებს მოქალაქეების მოტყუებაში ამხელდა. სკანდალური ჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ, რომელსაც ანტისამთავრობო გამოსვლები მოჰყვა, სოციალისტურმა პარტიამ უნგრელების მხარდაჭერა დაკარგა. ამას გარდა, MSZP-ის რეიტინგის კლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა.  ეკონომიკური პრობლემებით გადაღლილმა  ამომრჩეველმა 2010 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვიქტორ ორბანს დაუჭირა მხარი და „ფიდეს“-მა საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.

საპარლამენტო მანდატების 2/3-ის ფლობამ მმართველ პარტიას  მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების საშუალება მისცა. 2011 წელს მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომელიც  ხელისუფლების დანაწილების პრინციპს არღვევდა და მნიშვნელოვნად ზრდიდა Fidesz -ის ძალაუფლებას. ამოქმედდა ახალი საარჩევნო კანონმდებლობა -  386-დან 199-მდე შემცირდა საპარლამენტო მანდატების რაოდენობა და  ხელისუფლების სათავეში მყოფი   პარტიისთვის არჩვნებში ხელსაყრელი შედეგის უზრუნველყოფის მიზნით შეიცვალა საარჩევნო ოლქების საზღვრები. პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელმაც მედიის თავისუფლებას სერიოზული საფრთხე შეუქმნა და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები მძლავრ სამთავრობო კონტროლს დაუქვემდებარა. „ფიდეს“-მა საკუთარი ძალაუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების შესაზღუდადაც გამოიყენა.

2014 წლის საპარლამენტო არჩევნებზე Fidesz-მა მეორედ მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ევროპის ლტოლვილთა კრიზისთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებებმა და მკაცრმა საიმიგრაციო პოლიტიკამ ვიქტორ ორბანის მხარდამჭერთა რაოდენობა გაზარდა.

ბუდაპეშტსა და ბრიუსელს შორის მიგრაციასთან  დაკავშირებული უთანხმოება სათავეს 2015 წლიდან იღებს, როდესაც უნგრეთმა არ გაიზიარა ევროპის კავშირის გეგმა, რომელიც მიგრანტების ქვოტების სისტემით გადანაწილებას გულისხმობდა, უფრო მეტიც, მმართველმა პარტიამ სავალდებულო ქვოტირებაზე 2016 წელს რეფერენდუმიც ჩაატარა, რომელზეც მონაწილეთა 98%-მა მიგრანტების მიღებაზე უარი განაცხადა, თუმცა, დაბალი აქტივობის გამო რეფერენდუმის შედეგები ბათილად ცნეს.

2015 წელს მიგრაციის წინააღმდეგ დაწყებული ფარტომასშტაბიანი კამპანია დღემდე გრძელდება. მულტიკულტურალიზმის მოწინააღმდეგე ვიქტორი ორბანი, რასისტული და  ქსენოფობიური განცხადებებით საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას მუდმივად იქცევს. პარტია “ფიდესი” შეთქმულების თეორიებისკენ გადახრილია, სახელმწიფოს მტრებად მიჩნეული არიან ჯორჯ სოროსი (წლების წინ, ვიქტორ ორბანი  სწორედ მისი დაფინანსებით სწავლობდა ოქსფორდში), და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები.

პარტიამ, რომელიც 1988 წელს  ლიბერალურ პოლიტიკურ გაერთიანებად ჩამოყალიბდა, 1994 წლის საპარლამენტო არჩვნების შემდეგ კონსერვატიზმისკენ გადაიხარა, ახლა კი ნაციონალისტურ ძალას წარმოადგენს, საკონსტიტუციო უმრავლესობა ზედიზედ მესამედ მოიპოვა. 2018 წლის  8 აპრილს უნგრეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 49%  ფიდესის და ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის ალიანსმა მიიღო და 133 მანდატი მოიპოვა. უნგრეთის ეროვნული ასამბლეა 199 წევრისგან შედგება და შერეული სისტემის საფუძველზე 4 წლის ვადით  აირჩევა.

საკანონმდებლო ორგანოს არჩვნების შედეგად, ფიდესის გარდა ხუთი პოლიტიკური პარტია მოხვდა ეროვნულ ასამბლეაში: “Jobbik” – 26 მანდატი; „უნგრეთის სოციალისტური პარტია“ (MSZP) – 20;  „Politics Can Be Different“ (LMP) – 8;  „დემოკრატიული კოალიცია“ (DK) – 9;  „Together“ (Együtt) – 1.

საპარლამენტო არჩევნები განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ვიქტორ ორბანისთვის -  2014 წელთან შედარებით 4.4%-ით მეტი ხმის მიღება შეძლო და  საკონსტიტუციო უმრავლესობა მესამედ მოიპოვა, თუმცა, ცუდი შედეგი დააფიქსირა დედაქალაქში და ბუდაპეშტის 18 ერთმანდატიანი ოლქიდან  მხოლოდ 6 მოიგო (2014 წელს - 10).

2014 წლის არჩევნებზე ფიდესმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 96 ოლქი მოიგო, 2018 წელს - 91.

აღსანიშნავია, რომ ევროსკეპტიკურმა ფიდესმა ხმების უმრავლესობა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისგან მიიღო. პოპულიზმით მანიპულირება აგრარული რაიონების მოსახლეობაზე უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე ლიბერალურ ბუდაპეშტზე.

არჩევნებზე ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა უნგრეთის სოციალისტურმა პარტიამ (MSZP), რომელსაც ამომრჩეველთა 12%-მა დაუჭირა მხარი. 1990 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 1990 - 10.9%; 1994 - 33.0%; 1998 - 32.9%; 2002 - 42.0%; 2006 - 43.2%; 2010 - 19.3%; 2014 - 25.6%.

ვიქტორ ორბანის გამარჯვებას რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა შეუწყო ხელი - უნგრეთის მოსახლეობა ლტოლვილების მიღების წინააღმდეგია და ბრიუსელის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს. მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის მომხრე მოქალაქეებისთვის  Fidesz-ი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობის დამცველ ძალას წარმოადგენს. მოსახლეობის ნაწილმა ანალოგიური მიზეზით დაუჭირა მხარი ულტრანაციონალისტურ პოლიტიკურ გაერთიანება - Jobbik-ს, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა;  უნგრეთის საარჩევნო კანონმდებლობა  და ოლქების შეცვლილი საზღვრები მმართველი   პარტიისთვის სასურველი შედეგის მიღებას უზრუნველყოფს, გამარჯვებული პოლიტიკური გაერთიანება ისაკუთრებს ე.წ. „გადაუნაწილებელ მანდატებს“;  დანაწევრებული ოპოზიციური პარტიები არაორგანიზებულად მოქმედებდნენ და იდეოლოგიური განსხვავებების გამო Fidesz-ის წინააღმდეგ  გაერთიანება ვერ შეძლეს; ფიდესის მმართველობის პერიოდში დაიხურა  ოპოზიციური გამოცემები, მათ შორის - Magyar Nemzet და Népszabadság. მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების უმრავლესობას ორბანთან დაახლოებული და მის მიმართ დადებითად განწყობილი პირები აკონტროლებენ. კრიტიკული მედია სუსტია.

Fidesz-ი პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლით, მედიის მიკერძოებითა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეფერხებით ძალაუფლების კონსოლიდაციას ცდილობს. 2010 წლიდან ორბანის მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა კონტროლისა და ბალანსის სისტემა დაარღვია და კანონის უზენაესობა აღმოფხვრა. ამას გარდა, უნგრეთში არსებობს დახვეწილი კორუფციული სისტემა (EU-ში უნგრეთი, ბულგარეთის შემდეგ, ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანას წარმოადგენს), სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს კრონი-კაპიტალიზმი.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ევროპის კავშირი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის საშინაო და საგარეო პოლიტიკას მუდმივად აკრიტიკებენ, EU-ს წევრი რამდენიმე ქვეყანა - პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი ორბანის მიმართ სიმპათიებს ავლენს და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით  საერთო პოზიცია აქვთ. ევროპის კონტინენტზე პოპულისტური პარტიების მხარდაჭერა იზრდება, რადიკალურად მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკური გაერთიანებები EU-ს წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობის საკანონმდებლო ორგანოშია წარმოდგენილი: შვედეთი - Sweden Democrats;  ლატვია - National Alliance; პოლონეთი - Law and Justice; დანია - Danish People’s Party;  ფინეთი - The Finns Party; საბერძნეთი - Golden Dawn, Syriza;  ესპანეთი - Podemos; სლოვაკეთი - Slovak National Party; კვიპროსი - National Popular Front (ELAM); ნიდერლანდები - Freedom Party;  ბულგარეთი - United Patriots (IMRO, Attack, National Front For The Salvation of Bulgaria); ჩეხეთი - Freedom and Direct Democracy;  საფრანგეთი - National Front; ავსტრია - Freedom Party of Austria; გერმანია - Alternative for Germany; იტალია - Northern League, Five Star Movement; უნგრეთი - Fidesz - Hungarian Civic Alliance, Jobbik.

უნგრეთში - ნატოსა და ევროპის კავშირის წევრ ქვეყანაში, კომუნისტური მმართველობის დასრულებიდან 29 წლის შემდეგ „კონსოლიდირებული დემოკრატიის“ ნაცვლად პოლიტიკური ძალაუფლება ერთი პარტიის ხელში აღმოჩნდა კონცენტრირებული.

EU-ს წევრ სახელმწიფოში ასეთი მმართველობის ტიპის დანერგვით, ის ღირებულებები და ფასეულობები ილახება, რასაც თავად ეს გაერთიანება ემყარება.  ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების სრულფასოვან ფუნქციონირებამდე, მოსახლეობის აზრზე მანიპულირების პრობლება ისევ რჩება. „დემოკრატიის დეფიციტი“ ევროპის კავშირში, მიგრაციული კრიზისი და სოციალურ-ეკონომიკური საკითხები ის პრობლემებია, რომელიც ევროპაში მემარჯვენე თუ მემარცხენე რადიკალიზმს კვებავს.

 

ავტორი: ხატია დავლიანიძე