ნახვა: 727

2018-08-01

ტრამპი, ეროვნული ინტერესები და საერთაშორისო პოლიტიკა

“წყნაროკეანური ხელშეკრულებიდან” გამოსვლა, მთელ მსოფლიოსთან სავაჭრო ომის დაწყება, მოლაპარაკებები ფხენიანთან, ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვება, ისრაელის დედაქალაქის იერუსალიმში გადატანა... ეს აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა არასრული სიაა. ექსპერტების ერთი ნაწილი პოზიტიურად აფასებს მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, კრიტიკოსები კი სკეპტიკურად უყურებენ პრეზიდენტის მიერ გატარებულ პოლიტიკას. ტრამპის ნაბიჯების შესაფასებლად რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას უნდა ვუპასუხოთ: 1. რამდენად შეესაბამება მის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს?; 2. რა ფაქტორები განსაზღვრავს აშშ-ს ეროვნულ ინტერესებს?; 3. რამდენად მომგებიანია კონკრეტული პოლიტიკა მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში?

თითოეული სახელმწიფო საერთაშორისო სისტემაში ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. თუმცა, რა შეიძლება იყოს აშშ-ს ეროვნულ ინტერესი?

ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის, ბრიუს ჯენტლესონის აზრით, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს 4 ინდიკატორი განსაზღვრავს: 1. ძალა (Power); 2. კეთილდღეობა (Prosperity); 3. მშვიდობა (Peace); 4. პრინციპები (Principles).[1] ამერიკის საგარეო პოლიტიკა მხოლოდ იმ შემთხვევაშია წარმატებული, თუ ოთხივე დასახელებული პრინციპი ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია. შესაბამისად, ამერიკის ეროვნული ინტერესია იყოს უფრო ძლიერი, უფრო მდიდარი, უფრო მშვიდობისმოყვარე და უფრო პრინციპული.

ემსახურება თუ არა ტრამპის საგარეო პოლიტიკა ამერიკის გრძელვადიან ეროვნულ ინტერესებს? ამაზე პასუხის გასაცემად საჭიროა კონკრეტული მოვლენების ეროვნული ინტერესების ჭრილში განხილვა:

 

  1. ძლიერება - ეს კონკრეტული დეტერმინანტი როგორც თავდაცვისუნარიანობის, ასევე აშშ-ს გლობალური პოზიციების გაძლიერებას გულისხმობს. მართალია, შტატებმა ბოლო წლებში საგრძნობლად გაზარდა თავდაცვის ბიუჯეტი, თუმცა მისი გავლენა მსოფლიოში დღითიდღე მცირდება. აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ახალ დოქტრინაში მთავარ საფრთხეებად რუსეთი და ჩინეთია დასახელებული, რადგან ისინი ამერიკის მიერ შექმნილ საერთაშორისო წესრიგს ძირს უთხრიან. რეალურად, ეს ქვეყნები დღითიდღე ძლიერდებიან. აშშ თავს არიდებს სირიის სამოქალაქო ომში ჩაბმას და წარმოქმნილი ძალაუფლების ვაკუუმს რუსეთი ავსებს. ირანის ბირთვული შეთანხმებიდან ცალმხრივად გამოსვლამ და ამ საკითხში არსებულმა ინტერესთა სხვაობამ ევროპულ-ამერიკული ურთიერთობები საგრძნობლად გააუარესა. ევროპულ დედაქალაქებში სულ უფრო იზრდება რუსეთისთვის ეკონომიკური და დიპლომატიური სანქციების შეჩერების მსურველთა რიცხვი.[2]

რაც შეეხება ჩინეთს, იგი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სამხედრო და ეკონომიკურ შესაძლებლობებს აქტიურად ზრდის. ამის ნათელი მაგალითია სამხრეთ-ჩინეთის ზღვის კუნძულებზე სამხედრო თავდაცვითი სტრუქტურების მშენებლობა.[3] გრძელვადიან პერსპექტივაში აშშ-ს ჰეგემონიისთვის ეს ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. აშშ-ს, როგორც ჰეგემონი სახელმწიფოს, მთავარი ინტერესი სტატუს-ქვოს შენარჩუნებაა. ჩინეთი, „თავდასხმითი რეალიზმის“ კანონებიდან გამომდინარე, არსებული სტატუს-ქვოს თავის სასარგებლოდ შეცვლას ცდილობს;

  1. კეთილდღეობა - ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური გავლენაც რეცესიას განიცდის. შტატების, როგორც მსოფლიოს უდიდესი ენერგომომხმარებელი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური მიზანი ნავთობსა და ენერგიის ტრადიციულ წყაროებზე დაბალი ფასების შენარჩუნებაა. 2016 წლიდან მოყოლებული, ნავთობის ფასები დღითიდღე იზრდება, რაც შტატებს საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს უქმნის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საერთაშორისო ეკონომიკაში ამერიკის როლის შემცირებაა. ევროპის კავშირი, ჩინეთი და აზიური “ვეფხვები” სწრაფი ტემპით ვითარდებიან. ავტორიტეტული ფინანსური გამოცემების ვარაუდით, ჩინეთის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობა 2050 წლისთვის დაახლოებით 2-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების. ამერიკელი მოქალაქეების ეკონომიკურ კეთილდღეობას განსაკუთრებით დიდ პრობლემებს ტრამპის მიერ წარმოებული “სავაჭრო ომი” უქმნის. სავაჭრო ომმა რამდენიმე შესაძლო შედეგი შეიძლება მოიტანოს: 1. იმპორტული საქონელი გაძვირდება, რაც, დიდი ალბათობით, ამერიკელი მოქალაქეების მსყიდველობითუნარიანობას საგრძნობლად შეამცირებს; 2. ამერიკელი მეწარმეებისთვის უცხოეთში ბიზნესის კეთება კიდევ უფრო გართულდება; 3. გლობალური ეკონომიკური პროცესები შეფერხდება და შედეგად, აშშ-ს ფინანსური გავლენაც მსოფლიოზე შემცირდება.

  2. მშვიდობა - ამერიკის შეერთებული შტატების მესამე ძირითადი ინტერესი მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ირანის ბირთვული ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გამოსვლამ ისედაც დაძაბულ შუა აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევა კიდევ უფრო გაართულა. ისრაელის დედაქალაქის იერუსალიმში გადატანამ „ორი სახელმწიფოს“ მოდელი უკანა საფეხურზე გადასწია, შესაბამისად, კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის შანსები კიდევ უფრო შემცირდა; ამერიკის შეერთებული შტატები ვერც სირიაში გახდა მშვიდობის გარანტი. ტრამპმა პირობა დადო, რომ აქტიურად ჩაებმებოდა სირიის სამოქალაქო ომში და აღარ გაიმეორებდა ობამას “შეცდომებს”. თუმცა, როგორც ჩანს, აშშ-ს სტრატეგიული, წერტილოვანი დარტყმები სირიაში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად საკმარისი არ არის. მიუხედავად ამ ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენებისა, ტრამპის ხელისუფლებამ მოახერხა ის, რაც აქამდე სხვა ვერცერთმა ადმინისტრაციამ შეძლო. ფხენიანი ბირთვულ განიარაღებაზე დაითანხმა. თუმცა, პროცესი დროში გაწელილია და რაიმე ხელშესახებ შედეგებზე საუბარი, ჯერჯერობით, ნაადრევია.

  3. პრინციპები - ამერიკის საგარეო პოლიტიკის წარმატება დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს იგი “მსოფლიო პოლიციელისა” და “თავისუფალი სამყაროს” ლიდერის როლის შენარჩუნებას. ამისათვის შტატებმა შიდა პოლიტიკაში ლიბერალური დემოკრატიის სტატუსი უნდა განიმტკიცოს და განახორციელოს “დემოკრატიის ექსპორტი” ე.წ. “მესამე მსოფლიოს” ქვეყნებში. თუმცა, ტრამპის საგარეო პოლიტიკა გაემიჯნა ამ უკანასკნელს. ყოფილი სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებით, აშშ სუვერენულ სახელმწიფოთა შიდა საქმეებში აღარ ჩაერევა. შესაბამისად, ტრამპის საგარეო პოლიტიკა უარს ამბობს “დემოკრატიის ექსპორტის” პროექტზე და აქცენტს, ძირითადად, საერთო ინტერესების შესაბამისად ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე აკეთებს. დონალდ ტრამპის მოღვაწეობას, საპრეზიდენტო კანდიდატობიდან მოყოლებული, ლაიტმოტივად გასდევს დისკრიმინაციული ტონი უმცირესობების მისამართით. ეს მოწოდებები ახალისებს ე.წ. “White male supremacy”-ს, რაც თეთრკანიანი პროტესტანტი მამაკაცების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას და უმცირესობების მარგინალიზაციას გულისხმობს. უკანასკნელ ხანებში, აშშ-მ დატოვა „გაერთიანებული ერების“ ადამიანის უფლებათა კომიტეტი. ცხადია, ეს მოვლენა ნეგატიურ გავლენას ახდენს აშშ-ს, როგორც “თავისუფალი სამყაროს ლიდერის” აღქმაზე.

შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ დონალდ ტრამპის მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების დიდი უმრავლესობა ამერიკის ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურება. ამერიკის სამხედრო პრესტიჟი, მისი გავლენა მსოფლიოზე დღითიდღე მცირდება, მაშინ, როდესაც ჩინეთი ეკონომიკურად მასზე სწრაფად ვითარდება, იზრდება რუსული გავლენის სფეროები და განხეთქილება ღრმავდება ისეთ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსში, როგორიც ნატოა.[4] ქვეყნის ხელმძღვანელობას სულ უფრო უჭირს კონფლიქტების მშვიდობიანი რეგულირება და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯიც სულ უფრო უარესდება. პრეზიდენტ ტრამპის მიერ იზოლაციონისტური პოლიტიკის გაგრძელების, ამერიკის მიერ მსოფლიოს ფინანსური, ჰუმანიტარული თუ უსაფრთხოების ინსტიტუტებიდან გამოსვლის შემთხვევაში, ამერიკის ჰეგემონია წლიდან წლამდე შემცირდება და მისი გავლენაც მსოფლიოზე საგრძნობლად შესუსტდება.


ავტორი: გიგა ჯოხაძე

 

[1] http://iliauni.edu.ge/uploads/other/16/16398.pdf)

[2] http://thehill.com/opinion/international/391588-support-for-russia-sanctions-crumbling-in-the-west)

[3] (https://www.reuters.com/investigates/china-military/)

[4] https://www.nytimes.com/2018/07/02/world/europe/trump-nato.html)