5 მარტს სლოვაკეთის რესპუბლიკაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით 3%-იანი ზღვარის გადალახვა რვა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლო, მათგან ყველაზე მეტი ხმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო (28,3%) და 150-ადგილიან პარლამენტში 49 ადგილი მოიპოვა.
სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცოა. მიუხედავად საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების უმრავლესობისა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის შედეგები ვერ ჩაითვლება წარმატებად, რადგან წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით პარტიამ 16,1%-ით ნაკლები ხმა და 32 მანდატით ნაკლები მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ფიცოს პოპულარობამ 2012 წლიდან დღემდე საგრძნობლად იკლო.
სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა გაამყარა შეხედულება, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ლიბერალური დემოკრატია გამოცდის წინაშე დგას. ბევრის აზრით, 2014 წელს უნგრეთში „Fidesz“ პარტიის ხელახალი არჩევით გაძლიერდა ცენტრალური ევროპის ამ სახელმწიფოში არსებული არალიბელარული დემოკრატიისთვის დამახასიათებელი ნიშნები. პოლონეთში 2015 წლის საპარლამენტო არჩევნები „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიამ მოიგო, რომლის ლიდერიც “ბუდაპეშტის მოდელის” დიდ გულშემატკივრად და მიმდევრად მიიჩნევა. რობერტ ფიცოს გამარჯვება (თუმცა ნაკლები ლეგიტიმაციით), საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევართა აზრით, არალიბერალური დემოკრატიის კიდევ უფრო გაძლიერებას ნიშნავს.
სლოვაკეთის არჩევნებს, როგორც იტყვიან, მიკროსკოპით აკვირდებოდნენ ბრიუსელში. ფიცოს მთავრობამ უარი თქვა სირიელი მიგრანტების მისაღებად ევროპის კავშირის წევრი-სახელმწიფოებისთვის ქვოტების დაწესების ინიციატივაზე, რომელიც ბრიუსელიდან მოდიოდა.
2015 წლის ივნისში სლოვაკეთის დედაქალაქში დაიწყო მასობრივი გამოსვლები, სადაც მოქალაქეები ითხოვდნენ, სლოვაკეთის მთავრობას უარი ეთქვა მიგრანტების მიღებაზე და საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე ეზრუნა. ერთი შეხედვით, ამგვარი მოთხოვნები რობერტ ფიცოს წისქვილზე ასხამდა წყალს. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის მხრიდან წარსულში ანტი-ისლამური და რადიკალური ნაციონალისტური განცხადებებიც ახსოვთ. ფიცომ ევროკავშირის საემიგრაციო პოლიტიკა არაერთხელ გააკრიტიკა და მას ანტიეროვნული უწოდა, რასაც ევროპარლამენტში სოციალისტების აღშფოთება მოჰყვა და ევროპელ სოციალისტთა ოჯახიდან მისი გარიცხვის საკითხიც კი დადგა. სოციალისტებმა ფიცოს ახსნა-განმარტება მოსთხოვეს, თუმცა ამ ფაქტს მის დეკლარირებულ პოზიციებზე გავლენა არ მოუხდენია. იგი დღემდე აგრძელებს მულტიკულტურალიზმის, ღია საემიგრაციო პოლიტიკისა და სირიელი ლტოლვილების შეფარების წინააღმდეგ განცხადებების კეთებას.
როგორც ჩანს, ამგვარი მიდგომები რობერტ ფიცოს ვერ დაეხმარა, მიუხედავად იმისა, რომ მან საარჩევნო კამპანია ანტი-იმიგრაციულ, პოპულისტურ და სოციალ-კონსერვატიულ გზავნილებზე ააგო, ფიცომ დაკარგა საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობის ფორმირების პროცესში მისი გავლენა შესუსტდა. გარდა ამისა, მისი მხარდაჭერის დაცემა იმასაც უკავშირდება, რომ სლოვაკეთში ნაციონალისტური, ნეო-ნაცისტური და ანტი ლიბერალური პარტიების პოპულარობის ზრდის ზოგადი ტენდენცია არსებობს. საყოველთაო ყურადღების ცენტრში სახალხო პარტია და მისი ლიდერი მარიან კოტლება მოექცა, რომლის პოლიტიკური პლატფორმა ხშირად ინათლება როგორც ნეო-ნაცისტური. მისმა პარტიამ ხმების 8% მიიღო და 14 მანდატით შევიდა პარლამენტში. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სახალხო პარტიისთვის მიცემული ხმების თითქმის 23% 18-დან 21-წლამდე ახალგაზრდებს ეკუთვნით. საბოლოო ჯამში, ამ არჩევნებმა ცხადყო, რომ სლოვაკეთის მოსახლეობის 80% იმიგრანტების, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილების მიღების წინააღმდეგია და ამომრჩეველში გარკვეული ანტი-ესტაბლიშმენტური განწყობა არსებობს.
ამაზე შეიძლება ისიც მიუთითებს, რომ მიუხედავად რობერტ ფიცოს გავლენის შესუსტებისა, სლოვაკეთში ბოლო არჩევნების შემდეგ არ გაძლიერებულან ლიბერალური პარტიები. მართალია, არჩევნებში ორმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ შეძლო ხმების გარკვეული რაოდენობის მოპოვება (თავისუფლება და სოლიდარობა - 12,1%; ჩვეულებრივი ადამიანები და დამოუკიდებელი პიროვნებები - 11% ), მაგრამ ისინი უმრავლესობის მოპოვებასთან ახლოსაც არ არიან.
ბევრის აზრით, სლოვაკეთში არალიბერალური დემოკრატია გამყარდა. ანტი-იმიგრაციული პოლიტიკის მხარდამჭერმა სლოვაკებმა ყველაზე ექსტრემალური არჩევანი გააკეთეს და დღეს სლოვაკეთის პარლამენტის უმეტესობას სწორედ არალიბერალურად განწყობილი ადამიანები წარმოადგენენ. რობერტ ფიცო სავარაუდოდ შეეცდება სხვა მცირე პოლიტიკურ ძალებთან ჩამოაყალიბოს ახალი კოალიცია და დარჩეს პრემიერ-მინისტრად მესამე ვადით, თუმცა, არჩეულ პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა ისეთი ფრაგმენტაციის სურათია, რომ პროგნოზების გაკეთება მთავრობის მომავალ კონფიგურაციაზე რთულია. შესაძლოა, ცენტრისტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა მოახერხონ ანტი-ფიცო სამთავრობო კოალიციის შექმნა, მაგრამ ამ შემთხვევაში ახალი მთავრობა ნაკლებად სტაბილური და მყიფე იქნება. გამორიცხული არც უმცირესების მთავრობის ჩამოყალიბება ან დროებითი კაბინეტის შექმნაა, რომელიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე გაუძღვება ქვეყანას.
თბილისისთვის ასევე საინტერესოა, რა გავლენა ექნება სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საქართველოს ევროპის კავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ივლისიდან წლის ბოლომდე სწორედ სლოვაკეთი გადაიბარებს ევროპის კავშირის როტაციულ თავმჯდომარეობას. საქართველოს ყველა ხელისუფლებას სლოვაკეთის მთავრობასთან მეგობრობა და პროდუქტიული თანამშრომლობა აკავშირებდა. საგარეო საქმეთა მინისტრი, მიროსლავ ლაიჩაკი, თბილისს რამდენჯერმე სტუმრობდა და ქართველ მინისტრებთან პირადი მეგობრობაც აქვს; მას პირადად შეჰქონდა წვლილი საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდაჭერასა და გაძლიერებაში საერთაშორისო არენაზე.
2015 წლის ნოემბერში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბრატისლავას ეწვია, სადაც რობერტ ფიცოს ოფიციალურად შეხვდა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ არჩევანს. მისი თქმით, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები პოზიტიურად ვითარდება, რასაც დადებითი შედეგი აუცილებლად ექნება.
სლოვაკეთის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, დიდი ალბათობით სწორედ სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ევროპის კავშირი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილებას მიიღებს.
ავტორები: დიმიტრი სანაია
გია ჯაფარიძე