საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი ( ACIP ) არის კვლევითი, სასწავლო და ანალიტიკური ცენტრი, რომელიც შექმნილია და ფუნქციონირებს საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ბაზაზე. ACIP წარმოადგენს დამოუკიდებელ, არაპარტიულ და არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლის მიზანია საერთაშორისო პოლიტიკის საკითხების ანალიზი, სტუდენტების და საგარეო პოლიტიკით დაინტერესებული საზოგადოების ცოდნის ამაღლება საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, განათლებისა და კვლევის ხელშეწყობა.
ამ მისიის განხორციელებისას ACIP-ის მიზანია, იმუშაოს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და think tank-ებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ანალიტიკურ-კვლევით ინსტიტუტებთან, სახელმწიფო უწყებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ; ასევე ჩაატაროს საერთაშორისო მოვლენათა ანალიზი და გლობალური პოლიტიკური პრობლემების კვლევა, მოახდინოს მნიშვნელოვან საერთაშორისო მოვლენათა ასახვა ინტერაქტიურ რუკაზე, გამოაქვეყნოს ნაშრომები, სტატიები და წიგნები, ორგანიზება გაუკეთოს სემინარებს, კონფერენციებს, საჯარო ლექციებს და მრგვალ მაგიდებს საერთაშორისო პოლიტიკის შესახებ.
ACIP-ს მართავს საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, რომელიც პასუხისმგებელია ცენტრის ფუნქციონირებაზე. მასთან არსებობს მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან მეცნიერები, დიპლომატები, ბიზნესმენები და საგარეო პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები. ცენტრს ჰყავს დამფუძნებლები, გენერალური დირექტორი და ადმინისტრაციული დირექტორი.
ACIP იღებს საბაზისო დაფინანსებას საქართველოს უნივერსიტეტისგან და მიესალმება ფინანსური მხარდაჭერის მსურველ პირებს, ფონდებს და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც იზიარებენ ACIP-ის მიზნებს.