ბრუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარი აფეთქებების შედეგად ბელგიის ხელისუფლებამ ქალაქში საგანგებო სიტუაცია და ეროვნული ტერორის უმაღლესი (მე-4) დონე გამოაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ჩარლზ მიშელმა დაადასტურა, რომ აფეთქებები ტერორისტების მიერ იყო განხორციელებული. ამჟამად ცნობილია, რომ ტერორისტულ აქტებს 34 ადამიანი ემსხვერპლა. ამავდროულად გერმანიამ და საფრანგეთმა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საზღვრების მკაცრი შემოწმება დაიწყეს. აღსანიშნავია ისიც, რომ აფეთქებების სერია ტერორისტ სალაჰ აბდესლამის დაკავებიდან 4 დღის შემდეგ დაიწყო. სალაჰ აბდესლამი არის ერთ-ერთი იმ ტერორისტთაგანი, რომელიც მონაწილეობდა პარიზის ტერორისტულ აქტებში.
„Independent“-ის ჟურნალისტი ჯონ ლიჩფილდი აღნიშნავს, რომ ქვეყანამ, რომელიც მნიშვნელოვან საერთაშორისო ცენტრს წარმოადგენს მსოფლიოში, ვერ შეძლო მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილება. ასევე ბელგიას მიიჩნევენ უკანონო იარაღის ვაჭრობასთან დაკავშირებული გარიგებების მთავარ კერად. შესაბამისად მოსალოდნელია, რომ სწორედ ამ ქვეყნიდან მოხდეს ტერორისტული აქტების მეზობელ სახელმწიფოებში გადანაცვლება და განხორციელება.
რაც შეეხება ტერორისტებს, მათ რამდენიმე მთავარი მიზანი ამოძრავებდათ. პირველ რიგში, სურდათ თავიანთი პროპაგანდა და მსოფლიო ჟურნალ-გაზეთებზე გამოჩენა, რათა ყურადღება გადაეტანათ სალაჰ აბდესლამის დაკავების ფაქტისგან. მეორე მხრივ, ფიქრობდნენ, რომ დაკავებული აბდესლამი მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას დაკითხვის დროს გასცემდა და სწრაფად მოქმედება არჩიეს. საბოლოოდ, კი მათ სურდათ მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ახალგაზრდა ევროპელთა შთაგონება. მართალია „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენა მცირდება სირიასა და ერაყში, მაგრამ დღემდე ბევრი ახალგაზრდა უჭერს მათ მხარს (წყარო: the Economist).