ნახვა: 445

2016-03-30

ბელგიამ და საფრანგეთმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკავება დაიწყო

ბელგიის ხელისუფლებამ დღემდე შვიდი ეჭვმიტანილი დააკავა. კვლავ გრძელდება გამოძიება იმ ტერაქტების სერიისა, რომელიც სამშაბათს განხორციელდა ბრუსელში. ბელგიის პრემიერ მინისტრმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მან დიდი შეცდომა დაუშვა მაშინ, როდესაც არ გაითვალისწინა თურქეთის პრეზიდენტის ერღოგანის გაფრთხილება ერთ-ერთი ექსტრემისტის ბელგიაში გაქცევის შესახებ. მიუხედავად ამისა, მან უარი განაცხადა გადადგომაზე. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ახლახანს მოხდა ერთი მოსალოდნელი ტერაქტის თავიდან აცილება და ეჭვმიტანილის დაკავება პარიზის მახლობლად. თუმცა, ის არ მიიჩნევს, რომ დაკავებული პირი კავშირშია ბრუსელში განხორციელებულ ტერაქტებთან. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ბრუსელს ესტუმრა, რათა ევროპელ წარმომადგენლებს კონტინენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაესაუბროს. მან განაცხადა, რომ ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ტერაქტების სერია დაიწყო ევროპაში, ვინაიდან სურს კვლავ განამტკიცოს თავისი ძალაუფლება ახლო აღმოსავლეთში. 

განხორციელებული თავდასხმები საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ სამომავლოდ მოხდეს ევროპის საზღვრების ჩაკეტვა და შენგენის ზონის გაუქმება. სწორედ ეს არის სამწუხარო და გარდაუვალი შედეგი, რომელიც ტერაქტებს შეიძლება მოჰყვეს. მეორე მხრივ, ნათლად ჩანს ის ფაქტი, რომ ევროკავშირი არ აღმოჩნდა მზად მსგავსი გამოწვევევბისთვის. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მთავრობებს ერთმანეთთან მეტი თანამშრომლობა ჰმართებთ.