ოთხშაბათს, ევროკავშირსა და უკრაინას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასთან დააკვშირებით ჰოლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ჰოლანდია ერთადერთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელმაც ჯერჯერობით არ მოახდინა ევროკავშირისა და უკრაინის თანამშრომლობასთან დაკავშირებული პაქტის რატიფიცირება. შედეგების მიხედვით, ხმის მიმცემთა უმრავლესობა ეწინააღმდეგება ევროკავშირის მსგავს პოლიტიკას უკრაინის მიმართ. ეს შესაძლოა მწვავედ აისახოს არა მარტო უკრაინაზე, არამედ დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი რეფერენდუმის შედეგებზე.
“Guardian”-ის მიხედვით, მსგავსი შედეგი პრობლემებს შეუქმნის ჰოლანდიის მთავრობას და ევროკავშირის სტრატეგიულ არჩევანს, მოახდინოს უკრაინის სტაბილიზაცია. ის ჰოლანდიური დაჯგუფებები, რომელთა ინიციატივითაც გაიმართა რეფერენდუმი და რომლებიც ცდილობენ „დემოკრატიის გადარჩენას“, რეალურად მიზნად ისახავენ დემოკრატიის აღმოფხვრას ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში. იმის მაგივრად, რომ უკრაინა რეფორმებისა და დემოკრატიული სტაბილურობისკენ მიისწრაფოდეს, შედეგებიდან გამომდინარე, იზრდება ახალი კონფლიქტების გაღვივებისა და არასტაბილურობის საფრთხე.