დღეს გლობალური ჯიჰადი მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემებისათვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს. ამის დასტურად საკმარისია, ახალი ამბების მიმოხილვას გავეცნოთ,. გლობალური ჯიჰადისტური ორგანიზაციების მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტები უკვე დიდი ხანია მათ მთავარ თემებს შეადგენს. ამ პრობლემის გადაჭრა რაიმე ერთი ქმედებით ძალიან ძნელია, ვინაიდან თავად ჯიჰადისტური მოძრაობა საკმაოდ კომპლექსური საკითხია და სტატიაში მხოლოდ მის ერთ, საკმაოდ საინტერესო და საგულისხმო დეტალს მივაქცევთ ყურადღებას, რაც სავარაუდოდ გაადვილებს ამ მოვლენის არსის გაგებას.
როგორც წესი, დებატი მიმდინარეობს იმის შესახებ, არის თუ არა ისლამი რეალურად ასეთი სასტიკი, როგორადაც მას ჯიჰადისტები გვაჩვენებენ. ეს სულ სხვა სტატიის თემაა, მაგრამ მოკლედ ვიტყვით, რომ მუსლიმურ ტრადიციაში მართლაც არის გარკვეული მოწოდებები სისასტიკეზე, თუმცა ამავდროულად არსებობს კაცთმოყვარე, მშვიდობიანი ისლამის ისტორიული განვითარების გზა. ვინაიდან არ არსებობს ერთიანი, საყოველთაო (ან თუნდაც რამდენიმე ნაწილად გაყოფილი, მაგრამ მაინც სტრუქტუირებული) მუსლიმური სასულიერო ინსტიტუტი (როგორიც მაგალითად ქრისტიანული ეკლესიაა), არ არსებობს არც ცალკეულ რადიკალებზე ზეწოლის მექანიზმი. სწორედ ამიტომ, რადიკალი, ფუნდამენტალისტი კლერკები არ არიან ჩამოშორებული სასულიერო მოღვაწეობას, საკუთარ მრევლსა და ქადაგებას.
მუჰამადი თავის დროზე მედინაში სწორედ სასულიერო და საერო ხელისუფლების გამგებელი გახდა, მისი სიკვდილის შემდეგ კი უმაღლესი ტიტული - „ხალიფა“ (მემკვიდრე, მოადგილე) მისმა თანამებრძოლებმა რიგ-რიგობით გადაიბარეს და მათაც როგორც სასულიერო ისე საერო საქმეებიც საკუთარ ძალაუფლებას დაუქვემდებარეს. ანუ სეკულარიზმი ისლამის საწყის ეტაპზე თავისთავად გამორიცხული იყო. მეოთხე ხალიფას, ალის, მმართველობისას პოლიტიკური დაპირისპირება დაიწყო (661 წელს) და სამოქალაქო ომის შედეგად ხალიფას ტიტულიც ომიანთა საგვარეულომ ჩაიგდო ხელთ. მუსლიმური თემი გაიყო, გაჩნდნენ ხარიჯიტები და ალის მხარდამჭერი შიიტები. 750 წლიდან კი, სახალიფოს მართვა და მმართველის ტიტულიც აბასიანებმა იგდეს ხელთ, დედაქალაქი დამასკოდან ბაღდადში გადაიტანეს და მუსლიმური იმპერია გააფართოვეს, მათთვის დაიწყო ე.წ. „ოქროს ხანა“. დროთა განმავლობაში დასუსტებული იმპერიის დედაქალაქს ჯერ შიიტი ბუიდების (945 წლიდან მათ დინასტიას სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ) საგვარეულო დაეპატრონა, შემდეგ თურქ-სელჯუკების სახელმწიფო (1055 წელს), თუმცა ხალიფას ტიტული კვლავაც აბასიანთა ხელში იყო, მაგრამ ამ პერიოდიდან საერო ძალაუფლება მას, ფაქტობრივად, ჩამორთმეული ჰქონდა. 1258 წელს ბაღდადი მონღოლებმა აიღეს და დაანგრიეს, აბასიანმა ხალიფებმა კაიროში გადაინაცვლეს და იქიდან მამლუქთა პოლიტიკური მფარველობით განაგრძობდნენ სასულიერო ლიდერის როლის შესრულებას იქამდე, ვიდრე ოსმალების მიერ შეპყრობილმა და სტამბოლში ჩაყვანილმა ალ-მუთავაქილ მესამემ საკუთარი ტიტული და სასულიერო ძალაუფლების სიმბოლოები (მუჰამადის მანტია და ხმალი) ოსმალეთის სულთან, სელიმ პირველს, არ დაუთმო. ამის შემდეგ ოსმალეთის სულთანმა სუნიტი მუსლიმების სულიერი ლიდერის ფუნქციებიც შეითავსა და შეიქმნა სასულიერო პირებისა და სამდივნოების ქსელი, მთელი მუსლიმური სამყაროს მასშტაბით.
რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, მეცხრამეტეს ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისშიც კი, ხალიფა, როგორც სასულიერო ლიდერი, დიდ როლს ასრულებდა მუსლიმური თემის ერთიანობის და მშვიდობიანობის საკითხში. ასე მაგალითად, ფილიპინელ მუსლიმებს სწორედ აბდულჰამიდ მეორემ მოუწოდა მიეღოთ ამერიკული მმართველობა და წარმატებით გამოუვიდა კიდეც ეს საქმე. ხალიფას ასევე ჰქონდა მუსლიმი რელიგიური ლიდერების, მქადაგებლებისა და მოსამართლეების ქსელი ბალკანეთზე და მთელ აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკიდან მოყოლებული შორეული აღმოსავლეთის ჩათვლით.
1922 წელს პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული, მოძველებული და ჩამოშლილი ოსმალეთის იმპერია გაუქმდა და მისი ადგილი თანამედროვე სეკულარულმა თურქეთმა დაიკავა, რომლის წარმომადგენლებმაც 1924 წელს ოფიციალურად გააუქმეს სახალიფო და ხალიფას ტიტული, რის შემდეგაც მუსლიმურ სასულიერო იერარქიაში გაჩნდა ვაკუუმი, რომელსაც ყველა სასულიერო პირი ისე ავსებს, როგორც შეუძლია და დღეისათვის აშკარაა, რომ ამ საქმეში რადიკალებმა იმარჯვეს.
იმავე 1924 წელს საუდებმა ჰიჯაზი დაიკავეს და იქიდან ჰაშიმიტების დინასტია გააძევეს, რომელსაც ლოურენს არაბის პირით ბრიტანეთი ოსმალების დამარცხების შემდეგ ნახევარკუნძულის არაბულ ტერიტორიებზე მმართველობას პირდებოდა. ეს დანაპირები ბრიტანელებმა ნაჩქარევად გადააკეთეს და ჰაშიმიანებს ერაყისა და ტრანსიორდანიის სამეოფოები გაუნაწილეს, დღეს მათი დინასტია იორდანიას მართავს. ხოლო საუდებმა დაიკავეს მუსლიმთა წმინდა ქალაქები მექა და მედინა, ომებით შეაკოწიწეს დღევანდელი საუდის არაბეთი და ნავთობით გამდიდრებულებმა საკუთარი რელიგიური მრწამსის, ვაჰაბიტური ისლამის ქადაგება დაიწყეს. ამავე თარიღიდან მალევე, 1928 წელს, ეგვიპტეში დაფუძნდა პირველი თანამედროვე გლობალური ისლამისტური ორგანიზაცია „მუსლიმი ძმები“, რომლის დამფუძნებელმა ჰასან ალ-ბანამ მაშინვე იგრძნო უმაღლესი რელიგიური ავტორიტეტის გაქრობით შექმნილი ვაკუუომის გაჩენა და არნახული მასშტაბის ისლამისტური მოძრაობა წამოიწყო. 1970-იან და 1980-იან წლებში ევროპაში მუსლიმი ემიგრანტებისათვის ევროპელებმა მეჩეთების მოწყობა და სასულიერო პირების გაგზავნა საუდის არაბეთში დაფუძნებულ მსოფლიო მუსლიმურ ლიგას მიანდეს, რომელმაც, რასაკვირველია, საუდის არაბული ფულით, საუდის დინასტიის ოფიციალური რელიგიური შეხედულების - ვაჰაბიზმის - გამავრცელებელი კლერკები გააგზავნა ყველგან. ეს სასულიერო პირები არ არიან წარმოშობით მხოლოდ საუდის არაბეთიდან, არამედ ყველა მუსლიმური ქვეყნიდან, მათი შერჩევისას მთავარია ვაჰაბიტური შეხედულებებისა იყვნენ. ასე მაგალითად, ამ საუკუნის დასაწყისში ევროპაში უფრო მეტი მაროკოელი იმამი ჰყავდა დასაქმებული საუდის არაბეთის მეფეს, ვიდრე მაროკოს სულთანს, ხოლო საფრანგეთში წელიწადში 12 იმამს დღესაც საუდის მხარე აფინანსებს.
ამ ყველაფერს თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით დაემატა ქადაგებებისა და ლექციების გავრცელების უპრეცენდენტო მასშტაბები და სოციალური ქსელებით ადამიანების ე.წ. „გადაბირების“ ხერხები: დროთა განმავლობაში შეიქმნა არნახულად ნაყოფიერი გარემოებები ჯიჰადისტური ორგანიზაციებისათვის, რომელთაც უადვილდებათ ამღვრეულ წყალში თევზის ჭერა და ეს მდგომარეობა ხელს უწყობს „ისლამური სახელმწიფოსა“ და მისი ე.წ. სახალიფოს „წარმატებულ“ საქმიანობას.
წარსულში, დასავლურმა სახელმწიფოებმა (რასაკვირველია პირველ რიგში თავად მუსლიმურმა თემებმა) დაუშვეს რამდენიმე უპატიებელი შეცდომა, რის ფასსაც დღეს ყველანი ერთად ვიხდით. ვერავინ გათვალა, რას გამოიწვევდა სასულიერო ლიდერის როლის გაუქმება. ევროპელებმა საქმითაც და ირიბადაც შეუწყვეს ხელი საერთო მუსლიმური ავტორიტეტის გაქრობას, რამაც ხელ-ფეხი გაუხსნა რადიკალებს. ისტორიაში ჩაღრმავება, შესაძლებელს ხდის, ნაწილობრივ ავსხნათ დღევანდელი მდგომარეობის მიზეზები, რომელთა გააზრების გარეშეც შეუძლებელია გამოსავლის პოვნა და რომელთა გაანალიზებითაც ბევრი რამ უფრო გასაგები და დაძლევადი ხდება.
ავტორი: გიორგი იმედაშვილი