ნახვა: 477

2018-02-13

კრიპტოვალუტა, როგორც ნავთობის ალტერნატივა

ამ ეტაპზე გლობალური ფინანსური სისტემისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს ბიტკოინის კურსის ასეთ რადიკალურ დინამიკას. ბიტკოინმა უკვე დაამტკიცა ერთი მთავარი რამ: ის უსაზღვროდ საინტერესოა ბაზრისთვის, მაღალი სპეკულიატიური ინტერესების (კარგი გაგებით) დასაკმაყოფილებლად. რას ნიშნავს ეს? ნებისმიერი საქონლის ფასი, განსაკუთრებით კი საბირჟო პროდუქტის, განისაზღვრება მოთხოვნა-მიწოდების ბალანსით და სპეკულატური ინტერესების ფაქტორით. რაც უფრო მაღალია პროდუქტის ფასწარმოქმნის პროცესი, ანუ რაც უფრო მაღალია ამ სპეკულატური ინტერესების დიაპაზონი საბირჟო ფასის ჩამოყალიბებისას, მით უფრო საინტერესოა ამგვარი პროდუქტი ბირჟაზე მოთამაშეებისთვის. პროდუქტი აბსოლუტურად იდეალური ხდება, როდესაც მისი ფასის მაქსიმუმი თეორიულად შეუზღუდავია და ეს თეორიული შანსები ობიექტურად რეალიზებადია. ზუსტად ამ ხიბლის დამამტკიცებელია ბიტკოინის კურსის უსაშველოდ დიდი დიაპაზონი, დროის ასე მცირე მონაკვეთში.

აღნიშნული გარემოების გამო, კრიპტოვალუტას და კონკრეტულად ბიტკოინს აქვს ძალიან დიდი შანსები დაიმკვიდროს საერთაშორისო ბირჟების მთავარი პროდუქტის ადგილი და ჩაანაცვლოს ნავთობი, რომელსაც როგორც ძირითად საბირჟო პროდუქტს გამოეცალა მთავარი ხიბლი სპეკულატური ინტერესების მიზნებისათვის - ღირებულების მაქსიმუმი პროგნოზირებადი და ზღვრული გახდა. ეს გამოწვეულია იმ კონკრეტული მიზეზებით, რასაც ჰქვია "ფიქალური ტექნოლოგიების" განვითარება. ანუ, ამ ტექნოლოგიებით მოპოვებული ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე ჭარბად შემოსვლამ შექმნა ახალი მოცემულობა. ასეთი ნავთობის თვითღირებულება ამჟამად მნიშვნელოვნად ჩამოსულია 50 დოლარზე ქვემოთ. თუ არ გავითვალისწინებთ პოლიტიკურ ასპექტებს და ანალიზის სიმარტივისთვის მხოლოდ ეკონომიკურ და კომერციულ სეგმენტში ვიმსჯელებთ, ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვან მოვლენასთან გვაქვს საქმე, მას შეიძლება ვუწოდოთ "მოჯადოებული ფიქალური მარყუჟი" (რომლის მსხვერპლიც გახდნენ, ან ახლო მომავალში აუცილებლად გახდებიან ის პეტროკრატიული ქვეყნები, რომლებმაც ვერ მოახერხეს საკუთარი ეკონომიკის დივერსიფიკაცია, მოდერნიზაცია და დღემდე დიდწილად დამოკიდებული არიან ნავთობის ფასებზე, მაგ: რუსეთი და ვენესუელა).

ფიქალური ტექნოლოგიებით მოპოვებული ენერგო რესურსების მარაგები ფაქტობრივად ულევია, რაც თავისთავად გამორიცხავს ამ ნედლეულის დეფიციტს მსოფლიო ბაზარზე. ზოგადად ტექნოლოგიების განვითარება კი მნიშვნელოვნად ამცირებს ნავთობისა და გაზის მოხმარების მოცულობას. შესაბამისად, მოთხოვნა ნედლ ნავთობზე განუხრელად კლებადი იქნება, თუ არ მოხდა რევოლუციური ცვლილებები ნავთობქიმიის დარგში. მრეწველობის ეს დარგი ფაქტობრივად სტაგნაციის ხანგრძლივ ეტაპზე იყო ნავთობზე უსაზღვროდ მაღალი ფასების გამო, რაც არარენტაბელურს ხდიდა ამ დარგის განვითარებას. თუმცა, ნავთობის მსოფლიო ფასების მკვეთრი ვარდნის შედეგად ნავთობქიმიის დარგს ახალი, ძალიან მომხიბვლელი პერსპექტივები გაუჩნდა და მეცნიერება აუცილებლად ითამაშებს გადამწყვეტ როლს ამ დარგის განვითარებაში. მოცემულ ეტაპზე, ნავთობის გაიაფების გამო, მეცნიერული და კომერციული ინტერესები უკვე ემთხვევა ერთმანეთს. ხოლო, ნედლი ნავთობი, როგორც საწვავი საბოლოოდ დაემშვიდობა მაღალი ფასების ეპოქას, ზუსტად „ფიქალური მოჯადოებული მარყუჟის“ ფაქტორის გამო. რას ნიშნავს ეს? დღევანდელი მდგომარეობით ფიქალური ტექნოლოგიებით მოპოვებული ენერგო რესურსების (გაზი და ნავთობი) თვითღირებულება დაახლოებით 45 აშშ დოლარის მიდამოებში მერყეობს. მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ტექნოლოგიებით მომუშავე ჭაბურღილების რაოდენობა სამი ათასზე მეტია. თუმცა, ნავთობზე ფასის მკვეთრი ვარდნის გამო, როდესაც ფასი 50 დოლარს ჩამოსცდა, მუშა მდგომარეობაში დარჩა ხუთას ჭაბურღილზე ცოტათი მეტი. დანარჩენები დაკონსერვებულ რეჟიმში ელოდებოდნენ საბაზრო ფასების ზრდას. ამიტომ, საკმარისია, ნავთობის ფასები ასცდეს 50 აშშ დოლარს (რაც უკვე მოხდა), რომ დაკონსერვებული ჭაბურღილები კვლავ რენტაბელურები ხდებიან, ეს გამოიწვევს მათ ავტომატურ ამუშავებას და მსოფლიო ბაზარზე დამატებით დიდი რაოდენობის ნედლი ნავთობის შედინებას. ანუ, იზრდება მიწოდების მოცულობები, რაც ამუხრუჭებს ფასების ზრდას და იწყებს უკუპროცესებს. აქვე უნდა დავამატოთ, რომ ამ ტექნოლოგიით მომუშავე მომპოვებლებს ვერ აკონტროლებს OPEC-ი - ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია. ზუსტად ეს უმსხვილესი გაერთიანება იყო ნავთობის ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი მანიპულატორი. ფიქალური ტექნოლოგიების რევოლუციამ მას დააკარგინა ფასებზე გავლენის ინსტრუმენტების უმრავლესობა, რამაც თავის მხრივ ფაქტობრივად განაიარაღა პუტინის რეჟიმი და შეუქმნა მას ეგზისტენციალური საფრთხეები, რადგან რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის 70%-ზე მეტი პირდაპირ თუ ირიბად მთლიანად მიბმულია ნავთობის მსოფლიო ფასებზე. ამ ვითარების გათვალისწინებით  გეოპოლიტიკაში აქცენტებმა ნავთობის ფასებიდან ობიექტურად გადაინაცვლა ენერგეტიკული ბაზრებისთვის ბრძოლის სეგმენტში. რუსეთი კი ამ ომსაც კატასტროფულად აგებს.

რადგან ნავთობის მაქსიმალური ფასი ზღვრული გახდა, მან დაკარგა მთავარი ხიბლი საბირჟო მოთამაშეებისთვის - დიდ წილად შემცირდა ნავთობთან დაკავშირებული სპეკულატიური ინტერესები. აქედან გამომდინარე, ამუშავდა ბაზრის ოქროს წესი - მოთხოვნისა და მიწოდების წესი. შესაბამისად, შეიქმნა ობიექტური პირობა იმისთვის, რომ ნავთობის როლი მსოფლიო ბირჟებზე ჩაანაცვლოს რაიმე სხვა საბირჟო პროდუქტმა, რომლის ფასწარმოქმნაში ზედა ზღვარი არ იარსებებს და მიახლოებული იქნება უსასრულობასთან, რაც ფართო ასპარეზს დაუბრუნებს ბირჟის მოთამაშეებს და დაუბრუნებს მათ ოპერირების გაცხოველებულ ინტერესებს. რეალობის ნეგატიურად აღქმა არამართებული იქნება, რადგან სწორედ ეს ფაქტორია მსოფლიოს ეკონომიკის მთავარი გენერატორი და კრიზისში შესული მსოფლიოს ფინანსური სისტემის რესტარტის ძირითადი შანსი. ეს აუცილებელია მსოფლიო ეკონომიკისთვის, მისთვის ახალი, ძლიერი იმპულსის მისაცემად და პოსტკრიზისული სტაგნაციის ეპოქიდან გამოყვანისთვის და რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უფრო მალე განახლდება ფინანსური პოლიტიკის სტაბილურობის ეპოქა.

მიმდინარე პერიოდში მხოლოდ კრიპტოვალუტას აქვს ყველაზე მაღალი შანსები ზემოთ განხილული მისიის შესასრულებლად. ეს შანსები კი განუზომლად იზრდება ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ძალიან სწრაფი განვითარების ფონზე. კრიპტოვალუტა ხომ თავად არის ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარების პროდუქტი. უბრალოდ ამ ეტაპზე კრიპტოვალუტა ჯერ ჩვილი ბავშვის როლშია და მისი „ხასიათი“ ზუსტად ახლა ყალიბდება. მისი კურსის ასეთი არანორმალური დინამიკაც ზუსტად ამ ეტაპის ბრალია და მხოლოდ აძლიერებს მის „ინსტიქტებს“. შესაბამისად, აძლიერებს მის შანსებს ჩაანაცვლოს ნავთობი, როგორც მსოფლიოს ბირჟების მთავარი პროდუქტი და გახდეს ინვესტიციების მთავარი ობიექტი.

და ბოლოს, კრიპტოვალუტის მომავალის განსაზღვრაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს  აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ინტერესები. უფრო ზუსტად კი რისკები, რომლებიც ამ ეტაპზე აშკარად ახლავს კრიპტოვალუტას, მსოფლიო ფინანსურ სისტემაში  დოლართან და ფედერალური სარეზერვო სისტემის ჰეგემონიასთან მიმართებაში. დღეს კრიპტოვალუტა ერთადერთი ფულია, რომელსაც შეუძლია შორეულ პერსპექტივაში მნიშვნელოვნად შეავიწროვოს ამერიკული დოლარი და დაანგრიოს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ჰეგემონია. შესაბამისად, თუ შეერთებული შტატები და ფედერალური სარეზერვო სისტემა თავად ჩაუდგება სათავეში რევოლუციურ პროცესებს და შეასრულებს კრიპტოვალუტის მშობლის როლს, მაშინ „ახალშობილი უფლისწული“ აუცილებლად გახდება მსოფლიო ფინანსური სისტემის მეფე. მაგრამ თუ შეერთებული შტატები ვერ მოახერხებს ამას და რისკები დაუშვებელ ზღვარს გადასცდება, მაშინ თამამად შეიძლება ითქვას, რომ კრიპტოვალუტის მომავალი უაღრესად პესიმისტური იქნება და თუ მთლიანად არ მოსპობენ, მნიშვნელოვნად დააზიანებენ, რომ აღარ არსებობდეს მისი გამეფების შანსები.

 

 

ავტორი: დავით ნებიერიძე