ნახვა: 804

2018-02-28

ჩრდილოეთ ირლანდიური მოდელი - გაკვეთილი საქართველოსთვის?

ჩრდილოეთ ირლანდიაში როგორც აქტიური ცენტრიდანული მისწრაფებების მქონე რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება და მისი შესწავლა საინტერესო და სასარგებლო შეიძლება იყოს საქართველოსთვის.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების და ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების მიუხედავად, 13 თვეა, ბელფასტში სამთავრობო კრიზისია. დემოკრატ იუნიონისტებსა (DUP) და შინ ფეინს (Sinn Fein) შორის არსებული განსხვავებული ხედვები გასული წლის იანვრიდან ადგილობრივი მთავრობის ჩამოყალიბებისთვის გადაულახავი წინაღობაა.

„წითელი პარასკევის შეთანხმებების“ შესაბამისად, ჩრდილოეთ ირლანდიის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ძალაუფლებას იუნიონისტური და ნაციონალისტური პარტიები ინაწილებენ. სამთავრობო კაბინეტი, დონტის სისტემით[1] არჩევნებში მიღებული ხმების პროპორციულად იუნიონისტებისგან და ნაციონალისტებისგან კომპლექტდება. კაბინეტს თანაბარი ძალაუფლების მქონე ორი პირი, პირველი მინისტრი და პირველი მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს, ერთი მათგანი იუნიონისტია, მეორე - ნაციონალისტი. არსებული სისტემა ორ თემს შორის დაძაბულობის მოსახსნელად და ჩრდილოეთ ირლანდიაში არსებული ცენტრიდანული მისწრაფებების შესანელებლად შეიქმნა. ამ სისტემით გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ის მას პოლიტიკური კრიზისებისგან ვერ იცავს.

ყველაზე სერიოზული და ხანგრძლივი კრიზისი 2017 წლის იავარში, პირველი მინისტრის მოადგილის და ჩრდილოეთ ირლანდიაში შინ ფეინის ლიდერის, მარტინ მაკგინესის გადადგომით დაიწყო. მის მიერ პოსტის დატოვების მიზეზად მთავრობის წარუმატებელი და სკანდალური პოლიტიკა დასახელდა, რომელიც განახლებადი ენერგიის დანერგვის წახალისებას შეეხებოდა. მაკგინესის გადადგომამ ჩრდილოეთ ირლანდიის აღმასრულებელი ხელისუფლების პარალიზება გამოიწვია, სიტუაცია ვერც ვადამდელმა არჩევნებმა შეცვალა, რადგან ყველაზე მეტი მხარდაჭერა ისევ DUP-იმ და შინ ფეინმა მოიპოვეს, ხელისუფლების გაზიარების პრინციპის მიხედვით, სწორედ ორი, ყველაზე გავლენიანი იუნიონისტური და ნაციონალისტური პარტია ქმნის კოალიციურ მთავრობას.

მარტის არჩევნების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, გარდაიცვალა მარტინ მაკგინესი, ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, DUP კონსერვატორებთან კოალიციაში შევიდა, შეიცვალა სახელმწიფო მდივანი ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხებში, ბელფასტს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი, ირლანდიელ კოლეგა, ლეო ვარადკართან, ერთად ეწვია, მაგრამ შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება. მხარეები ორ საკითხზე ვერ თანხმდებიან, შინ ფეინი ირლანდიური ენის სტატუსის ინგლისურთან გათანაბრებას და ქორწინების თანასწორობას ითხოვს, იუნიონისტი და ანტი-ლგბტ  DUP მსგავს შემოთავაზებას არ თანხმდება, კრიზისის პარალელურად კი უფრო იზრდება რეგიონში ვესტმინსტერიდან პირდაპირი მმართველობის დაწყების შანსი, რამაც შესაძლოა კონფლიქტის შემდგომ აშენებული სისტემა დააზიანოს, რომელიც, მართალია, კრიზისებისადმია მიდრეკილი, მაგრამ ერთიანობას და მშვიდობას უზრუნველყოფს.

მიუხედავად იმისა, თუ როგორ წარიმართება მოვლენები იქ, ჩრდილოეთ ირლანდიის შემთხვევა საქართველოსთვისაც საინტერესოა, რადგანაც ის თბილისისთვის ბრიტანული გამოცდილების გაზიარების საშუალებას იძლევა. ორ თემს შორის ძალაუფლების განაწილების პრინციპზე აგებული მოდელი, ეფექტური ფუნქციონირების შემთხვევაში, მშვიდობის, სტაბილურობის და ერთიანობის მიღწევა/შენარჩუნებას უწყობს ხელს. მიუხედავად ძალიან ბევრი სხვაობისა, აფხაზურ და ჩრდილოეთ ირლანდიურ სეპარატიზმს შორის მსგავსებებიც აშკარაა. ორივე რეგიონში სეპარატისტულად განწყობილი მოსახლეობა უმცირესობას წარმოადგენს, სეპარატიზმის საფუძველი კი უმრავლესობისგან განსხვავებული იდენტობაა. ქართულ რეალობაში ამ განსხვავებას ეთნიკური საფუძვლები აქვს, ჩრდილოეთ ირლანდიის შემთხვევაში - აღმსარებლობითი. აფხაზეთში ვხვდებით ერთი მხრივ, ეთნიკურად აფხაზ მოსახლეობას, რომელიც საქართველოსგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ქართველი ერის კონსოლიდაციის პროცესს ასცდა, და, მეორე მხრივ, ქართული იდენტობის მატარებელ უმრავლესობას. ჩრდილოეთ ირლანდიაში ასეთ ჯგუფებს მონარქის გვირგვინისადმი ლოიალისტი პროტესტანტები და ნაციონალისტი კათოლიკეები ქმნიან.  

ჩრდილოეთ ირლანდიის და ქართული რეალობის ყველაზე თვალსაჩინო განსხვავება ისეთი გარე ძალის ფაქტორია, რომლის ინტერესებიც ნაწილობრივ ან სრულად განსხვავდება ადგილობრივი თემების ინტერესებისგან. რუსეთის ფაქტორი არსებულ საერთაშორისო მოცემულობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსებს ამ ეტაპზე მინიმუმამდე ამცირებს. მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობები დინამიკაა და არ არსებობს მუდმივი სტატიკური მოცემულობები.

როდესაც საერთაშორისო პოლიტიკაში საქართველოს არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად ხელსაყრელი სიტუაცია შეექმნება, თბილისმა ზუსტად უნდა იცოდეს, რა უნდა და რისი შეთავაზება შეუძლია მეორე მხარისთვის. მოლაპარაკებების მაგიდაზე, სადაც დიდი სახელმწიფოებიც ისხდებიან, აუცილებლად იქნება ისეთი თემები, როგორებიცაა დევნილთა დაბრუნება, ავტონომიის ხარისხი, შესაძლოა აფხაზების თვითგამორკვევის უფლების აღიარება (წითელი პარასკევის შეთანხმებით დიდმა ბრიტანეთმა ჩრდილო ირლანდიელი ხალხის თვითგამორკვევის უფლება აღიარა), რეგიონში პოლიტიკური ინსტიტუტების ფუნქციონირება და ა.შ.

საქართველოს შეუძლია ამ საკითხებში ბრიტანული (და არამარტო ბრიტანული) გამოცდილება გაიზიაროს, სხვების შეცდომები გაანალიზოს, შეისწავლოს მმართველობის რომელი ფორმა იქნება ეფექტური და ამავდროულად ყველა მხარისთვის მისაღები, რაციონალურად გაზომოს კონფლიქტის მოსაგვარებლად გადადგმული ყოველი ნაბიჯი. მსგავსი მიდგომა ქვეყანას კონფლიქტის მოგვარებაში, მშვიდობის დამყარებასა და სტაბილური/ერთიანი სახელმწიფოს აშენებაში დაეხმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მოუმზადებელი შეხვდება „შესაძლებლობის ფანჯარას,“ რომელიც „პატარა“ სახელმწიფოებისთვის ძალიან იშვიათად და მცირე დროით ჩნდება.

[1] D’Hondt Method ზოგიერთ პროპორციული საარჩევნო სისტემებში მანდატების გასანაწილებლად გამოიყენება. ამ სისტემის მიხედვით, პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ნატურალურ რიცხვთა მწკრივზე (1, 2, 3, 4, 5...) იყოფა. მანდატები იმ პარტიებზე ნაწილდება, რომელთა მიერ მიღებული ხმების განაყოფები ყველაზე დიდ რიცხვებს მოგვცემენ, რიცხვი რომელზეც უკანასკნელი მანდატი განაწილდება, იქნება საარჩევნო კვოტა(ერთი მანდატის „ფასი“). ამ სისტემის გამოყენების შემთხვევაში, გაუნაწილებელი მანდატები არ რჩება.

 

ავტორი: გიორგი ხარებავა, პოლიტიკის მეცნიერებების მე-4 კურსი