ნახვა: 796

2018-03-01

რა უნდა ვიცოდეთ იტალიური არჩევნების შესახებ?

 

4 მარტს იტალიაში ისევ საპარლამენტო არჩევნებია.

განვითარებულ სახელმწიფოთა შორის ძნელად თუ მოიძებნება ისეთი არასტაბილური მთავრობების სახელმწიფო როგორიც იტალიაა. 1946 წლიდან მოყოლებული იტალიაში ხელისუფლების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ორი წელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ევროპის კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერია, აღმასრულებელი ხელისუფლების კრიზისი მისთვის პოლიტიკური ტრადიციაა. იტალია საპარლამენტო რესპუბლიკაა. საკანონმდებლო ორგანო ორპალატიანია: 1. რესპუბლიკის სენატი - ზედა პალატა, რომელიც 315 წევრისგან შედგება; 2. დეპუტატთა პალატა - პარლამენტის ქვედა პალატა, რომელიც, თავის მხრივ, 5 წლის ვადით არჩეული 630 დეპუტატისგან შედგება. აღმასრულებელ ხელისუფლებას მეთაურობს პრემიერ-მინისტრი, რომელიც აკომპლექტებს მინისტრთა კაბინეტს. სასამართლო ხელისუფლება სამი ინსტანციისგან შედგება და უმაღლესი ინსტანცია უზენაესი სასამართლოა.

უკანასკნელ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა მემარცხენე-ცენტრისტულმა „დემოკრატიულმა პარტიამ“, რომელმაც ხმების 30 % მოიპოვა. მეორე ადგილზე სილვიო ბერლუსკონის პარტია - „თავისუფალი ხალხი“ გავიდა ხმების 29 %-ით (2013 წელს პარტიას სახელი გადაერქვა და ისევ „წინ, იტალია“ ეწოდა). რადიკალურმა მემარცხენე „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ ხმების 25% მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ „დემოკრატიულმა პარტიამ“ ხმების მხოლოდ 1 %-ით აჯობა „თავისუფალ ხალხს“, მან პარლამენტში 345 დეპუტატის გაყვანა შეძლო მაშინ, როდესაც ბერლუსკონის პარტიამ მხოლოდ 125 მანდატის მიღება მოახერხა. მანდატების რაოდენობას შორის ამგვარი სხვაობის მთავარი მიზეზი იტალიაში არსებული “Winner takes all” საარჩევნო სისტემაა, რომელიც გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას “გადაუნაწილებელი მანდატების“ მისაკუთრების შესაძლებლობას აძლევს. იტალიაში მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისათვის პარტიამ არჩევნებში ხმების არანაკლებ 40 % უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მან კოალიციური მთავრობა უნდა შექმნას.

ბოლო 5 წლის მანძილზე დემოკრატების ლიდერობით იტალიაში რამდენიმე კოალიციური მთავრობა შეიქმნა,თუმცა, არცერთი მათგანი სიცოცხლისუნარიანი არ გამოდგა. იტალიური პოლიტიკისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა 2016 წლის 4 დეკემბერი, როდესაც ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა, მატეო რენციმ, კონსტიტუციის რეფორმირების საკითხი გაიტანა. რენცის პროექტი ითვალისწინებდა პარლამენტის გაძლიერებას, სენატის 100 წევრამდე შემცირებას, ადმინისტრაციულ რეფორმას და ა.შ. რეფერენდუმზე მონაწილეთა 59 %-მა მხარი არ დაუჭირა რეფორმას, რის შემდეგაც მატეო რენცი თანამდებობიდან გადადგა და მისი ადგილი „დემოკრატიული პარტიის“ ახალმა ლიდერმა, პაოლო ჯენტილიონიმ დაიკავა. მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, მანაც ვერ მოახერხა ეფექტური მთავრობის ჩამოყალიბება. პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად პრეზიდენტმა, სერჯიო მატარელამ, გასული წლის დეკემბერში დაითხოვა პარლამენტი და ხელახალი არჩევნები დანიშნა. არჩევნების შედეგები დიდწილად დამოკიდებული იქნება მასში მონაწილე პარტიების მზაობაზე, გადაჭრან იტალიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 4 პრობლემა:

1. მიგრაციის კრიზისი - გეოგრაფიული მდებარეობის გამო 2014 წელს დაწყებული მიგრაციული კრიზისი განსაკუთრებით მწვავედ იტალიას შეეხო. ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყანამ დაახლოებით 700 000 მიგრანტი მიიღო. იტალიის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვს; შედეგად, იტალიურ პოლიტიკაში გააქტიურდნენ რადიკალური პარტიები.

2. ეკონომიკა - იტალიური ეკონომიკა უკვე წლებია რეცესიას განიცდის. 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ, იტალიიის ეკონომიკამ სრულფასოვანი აღდგენა ვერ მოახერხა. ქვეყანამ კრიზისის დაძლევა ძირითადად ევროპის კავშირის კრედიტების ხარჯზე შეძლო. 2017 წელს იტალიის საგარეო ვალი მშპ-ს 133 %-ს გაუტოლდა, რაც საგანგაშოდ ნეგატიური მაჩვენებელია;

3. კორუფცია - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, 2017 წელს კორუფციის ინდექსი იტალიაში 50-ს აღწევს (54-ე მსოფლიოში), რაც ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. შედარებისთვის, მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყნის, ახალი ზელანდიის, ინდექსი 89-ის ტოლია.

4. გადასახადები - დღესდღეობით იტალიაში არსებობს პროგრესული გადასახადის მოდელი, რაც გულისხმობს გადასახადის მატებას შემოსავლის ზრდის პარალელურად. მაგალითად ავიღოთ საშემოსავლო გადასახადი. ბიზნესები, რომელთა ყოველწლიური შემოსავალი 36 000 ევროა, 23 %-ით იბეგრებიან, მაშინ როდესაც მაღალი მარჟის მქონე ბიზნესები (წლიური 120 000 ევრო და მეტი) სახელმწიფოს საშემოსავლოს 45 %-ს უხდიან. ამგვარი სისტემა იტალიაში არსებულ ბიზნესებს აიძულებს წარმოების ისეთ ქვეყნებში გადატანას, სადაც დამატებითი ღირებულებისა და მოგების დაბალი გადასახადია, შესაბამისად, ქვეყანა წლიდან წლამდე სულ უფრო ღარიბდება.

2018 წლის 4 მარტის არჩევნებში 13 პარტია/საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს, თუმცა მხოლოდ 3 მათგანს აქვს გამარჯვების რეალური შესაძლებლობა:

1. „დემოკრატიული პარტია“ (PD) - იტალიაში არსებული ყველაზე ძლიერი მემარცხენე-ცენტრისტული პარტიაა. პარტიის ოფიციალური იდეოლოგიებია: სოციალ-დემოკრატია, სოციალური ლიბერალიზმი და ეკოლოგიზმი. პარტიის ლიდერის, მატეო რენცის, თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პრიორიტეტები იქნება: ა)მინიმალური ხელფასის დაწესება - 10 € საათში; ბ) სოციალური დახმარებების გაზრდა, მათ შორის, ყველა ოჯახისთვის, ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 80 ევროს დახმარება. გ) მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი იტალიური ბანკების რეკაპიტალიზაცია; დ) ეკოლოგიური საკითხების წინ წამოწევა -„მწვანე პოლიტიკა“; ე) გადასახადების არსებული პაკეტის შენარჩუნება- პარტია მიიჩნევს, რომ დღესდღეობით არსებული საგადასახადო სისტემა სამართლიანია და ის შეცვლას არ საჭიროებს; ვ) მიგრაციული პოლიტიკის შეცვლა - ჩვეულებრივ, პარტია იმიგრანტების სოციალურ ინტეგრაციას ემხრობა, თუმცა, იმიგრაციასთან დაკავშირებული კრიმინალის ზრდის გამო უკანასკნელ პერიოდში პარტიის ლიდერებმა მიგრაციული კანონების გამკაცრებას დაუჭირეს მხარი; ზ) “მეტი ევროკავშირი - მეტი თავისუფლება“ - „დემოკრატები“ იტალიურ პოლიტიკაში ევროპის კავშირის ყველაზე დიდი ლობისტები არიან, ემხრობიან „ევროპის შეერთებული შტატების“ პროექტს.

2. „მემარჯვენე-ცენტრისტთა კოალიცია“- მემარჯვენე პარტიების გაერთიანება სილვიო ბერლუსკონის მეთაურობით. კოალიციაში შედიან: ყოფილი პრემიერის პარტია „წინ იტალია“ (Forza Italia, FI), მატეო სალვინის „ჩრდილოეთის ლიგა“ (Lega Nord, LN) და ჯორჯო მელონის „იტალიის ძმები“ (Brothers Of Italy, FDL). კოალიციის პროგრამის ძირითადი საკითხებია: ა) საგადასახადო რეფორმა - როგორც კლასიკური მემარჯვენე პოლიტიკური ძალა, იგი ემხრობა ფიქსირებული გადასახადის (Flat Tax) მოდელს, რაც გულისხმობს ბიზნესისთვის მისი შემოსავლის განურჩევლად ფიქსირებული გადასახადის დაწესებას. კოალიცია აპირებს მოგების გადასახადის შემცირებას 15%-მდე;       ბ) ეკონომიკური თავისუფლების წახალისება - ბოლო წლებში იტალიაში სულ უფრო მცირდება მცირე ბიზნესმენების და მეწარმეების რაოდენობა, კოალიციის მიზანი მათი წახალისება და ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის გაუმჯობესებაა; გ) არალეგალური მიგრაციის შემცირება - საზღვრების კონტროლის მაქსიმალურად გამკაცრება; დ) თავდაცვისა და პოლიციის ხარჯების გაზრდა - მემარჯვენე კოალიცია მიიჩნევს, რომ საჭიროა სამართალდამცავი ორგანოებისა და არმიისთვის დაფინანსების გაზრდა, რომ იტალია გაუმკლავდეს შესამჩნევად გაზრდილ კრიმინალს ქვეყნის შიგნით და ეფექტურად დაიცვას თავი გარე საფრთხეებისგან; ე) რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, კოალიცია ემხრობა ევროპის კავშირთან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნებას, ნატოში საკუთარი როლის გაზრდას, ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე რუსეთთან. საგულისხმო ფაქტია, რომ უკანასკნელ წლებში რუსულ-იტალიური ურთიერთობების დინამიკას სწორედ სილვიო ბერლუსკონისა და ვლადიმერ პუტინის მეგობრობა განსაზღვრავდა.

3. „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ (Five Star Movement, M5S) - პარტია მიჩნეულია პოპულისტურ და ანტი-ისთებლიშმენთურ ძალად. იმის გამო რომ პარტიას არ გააჩნია გამოკვეთილი იდეოლოგიური იდენტობა, იგი სხვადასხვა იდეოლოგიების ნაზავს წარმოადგენს. 2018 წლის არჩევნებში პარტიის ხედვები მიმართული იქნება შემდეგ საკითხებზე: ა) საბაზისო შემოსავლის დაწესება 500 ევროს ოდენობით - პარტიის გათვლებით ეს პროექტი სახელმწიფოს ყოველწლიურად დაახლოებით 20 მილიარდი ევრო დაუჯდება; ბ) მომავალი ათი წლის განმავლობაში საგარეო ვალის 40 პროცენტით შემცირება მთლიან შიდა პროდუქტთან (GDP) მიმართებაში; გ) პარტიის პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალგაზრდებისთვის დასაქმების ხელშეწყობას. 2017 წლის ბოლოს 18-30 წლის ახალგაზრდების 32 % დაუსაქმებელია; დ) მიგრაციის პოლიტიკის შეცვლა - მოძრაობის მიზანია გაამკაცროს საზღვრების კონტროლი და შეზღუდოს ქვეყანაში მიგრანტების ახალი ნაკადის შემოშვება;       ე) მდგრადი განვითარება - ეკოსისტემის და ბიომრავალფეროვნების დაცვა მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის პარალელურად; ვ) „ელექტრონული დემოკრატია“ -პარტიის პროგრამაში ნათქვამია, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანა მთლიანად გადავა ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე, რაც ელექტორატს მისცემს შესაძლებლობას დააფიქსირონ საკუთარი ხმა სახლიდან გაუსვლელად; ზ) მოძრაობა ანტი-ევროპული და ანტი-ატლანტიკურია. მისი ლიდერის, ლუიჯი დი მაიოს, აზრით, ევროპის კავშირი ვერ უმკლავდება არსებულ გამოწვევებს, რის გამოც იტალიამ მისგან დამოუკიდებელი საიმიგრაციო პოლიტიკა უნდა გაატაროს. პარტიის დამფუძნებლის ბეპე გრილოს თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში დაინიშნება რეფერენდუმი ევროპის კავშირის დატოვებასთან დაკავშირებით; ასევე უნდა შემცირდეს იტალიის კონტრიბუცია ნატოში.

საერთაშორისო მიმომხილველთა განცხადებებით, იტალიის საპარლამენტო არჩევნების შედეგები რთულად პროგნოზირებადია. საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი გამოკითხვებით, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ ლიდერობს ხმების 27-29 %-ით. მეორე ადგილზე „დემოკრატიული პარტიაა“ 22 %-ით. შემდეგ მოდის ბერლუსკონის „წინ, იტალია“ (21 %), თუმცა პარტიას მასთან ერთად კოალიციაში მყოფ „ჩრდილოეთის ლიგასთან“ (15 %) და „იტალიის ძმებთან“ (5%) ერთად არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი აქვს. ცხადია, საზოგადოებრივი გამოკითხვები მხოლოდ ტენდენციას აჩვენებს და შედეგების გასაგებად უნდა დაველოდოთ 4 მარტს. ერთი რამ შეიძლება ითქვას - მიუხედავად არჩევნებში დაფიქსირებული შედეგისა, მასში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას მთავრობის ფორმირებისათვის დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.


ავტორი: გიგა ჯოხაძე, საერთაშორისო ურთიერთობების მე-4 კურსის სტუდენტი