მ. წ. 30 აპრილს მსოფლიოს ყურადღება ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიიპყრო. მან მსოფლიოს ისრაელის დაზვერვის მიერ მოპოვებული ფაილები წარუდგინდა, რომელიც, მისი თქმით, ირანის საიდუმლო ბირთულ პროგრამას ეხება. ისრაელის ლიდერმა ირანის ისლამური რესპუბლიკა 2015 წელს მიღწეული შეთანხმების (Joint Comprehensive Plan of Action) დარღვევაში დაადანაშაულა, რომლის მიხედვითაც, ირანმა უნდა შეზღუდოს თავისი ბირთული პროგრამა და კუთვნილ ბირთულ ობიექტებზე დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები, სანაცვლოდ აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ჩინეთი თეირანს საერთაშორისო სანქციებს უხსნიან.
აღნიშნული შეთანხმება, ბევრის აზრით, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური წარმატებაა, რომლის წყალობითაც მოხერხდა ირანიდან მომდინარე ბირთული საფრთხეების ნეიტრალიზება. საერთაშორისო დამკვირვებლები ამბობენ, რომ თეირანი ნაკისრ ვალდებულებებს პირწმინდად ასრულებს და მისი ბირთული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. დღეისათვის ირანს არ გააჩნია საკმარისი შესაძლებლობა ბირთული იარაღის შესაქმნელად.
ამის საპირისპიროდ, ისრაელის პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ თეირანში არასდროს შეუწყვეტიათ ფიქრი ბირთული იარაღის შესაქმნელად. მის პრესკონფერენციას მსოფლიოს მასშტაბით განსხვავებული რეაქციები მოჰყვა. ნეთანიაჰუს პოზიცია გაიზიარა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც არასდროს იყო ირანთან მიღწეული შეთანხმების დიდი გულშემატკივარი. ამავდროულად გაჟღერდა საპირისპირო აზრიც. ჩნდება ეჭვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ახალია ისრაელის მიერ წარმოდგენილი მასალები.
ყველაფრის გათვალისწინებით, ჩნდება კითხვა - თელ-ავივმა მართლა მოიპოვა სკანდალური ინფორმაცია, თუ ეს უბრალოდ ისრაელის სპეკულაციებია ირანის შესავიწროვებლად და რეგიონში მის შესაკავებლად?
ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ოდნავ ჩახედულმა ყველა ადამიანმა იცის, რომ ისრაელი ირანს ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს. უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები კი ისრაელისთვის არ ქმნის სახარბიელო სიტუაციას. საუბარია არა ირანის ბირთულ პროგრამაზე, არამედ სირიის სამოქალაქო ომზე და იქ თეირანის პოზიციების გაძლიერებაზე.
სირიაში მიმდინარე სასტიკ დაპირისპირებაში ირანი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარეა, იქ ის ათასობით ირანელი ან ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლითაა წარმოდგენილი. ისრაელის არსებობის ისტორიაში მას ირანისგან მომავალი საფრთხე ასე აშკარად არასდროს უგვრძნია. ირანული ძალები აქამდე ასე არასდროს მიახლოებიან ისრაელის საზღვრებს. სირიაში ბაშარ ასადის ხელისუფლება დღითიდღე იმტკიცებს პოზიციებს და ამის პარალელურად იცვლება ირანის პრიორიტეტებიც. თუ ასადისათვის კრიტიკულ მომენტში, თეირანისთვის ნომერ პირველ ამოცანას ალავიტების ხელისუფლების შენარჩუნება წარმოადგენდა, დღეს უკვე მას მეტი რესურსის მიმართვა ისრაელის წინააღმდეგ შეუძლია. ირანს შესაძლებლობა უჩნდება სირიაში საკუთარი პოზიციების კიდევ უფრო გასაძლიერებლად, რაც ისრაელის უსაფრთხოებისათვის უმთავრესი გამოწვევაა. სირიის ომში ისრაელის მხარე აქტიურად ბომბავს პრო-ირანული ძალების პოზიციებს, მაგრამ მსგავსი გზებით ირანის შეკავება რომ შეუძლებელია, აშკარაა.
ამის პარალელურად მსოფლიოს ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს და ისრაელის ნომერ პირველ პარტნიორს მართავს ადამიანი, რომელიც არასდროს მალავდა უკმაყოფილებას ირანთან დადებული შეთანხმების გამო. მის გუნდში კი მუშაობენ ასევე ამ შეთანხმების მოწინააღმდეგე ისეთი პოლიტიკოსები, როგორიც მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი და სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო არიან.
პრეზიდენტი ტრამპი, შეთანხმების მოკლევადიანი ხასიათის გამო, მას აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ცუდ გარიგებად მიიჩნევს. ამას გარდა, ის უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე. აშშ-ში JCPOA-ს ირანის რეგიონული, მეტწილად სირიული და იემენური, პოლიტიკის გამოც აკრიტიკებენ. მოქმედი ადმინისტრაცია თვლის, რომ საერთაშორისო სანქციების მოხსნამ ირანი დამატებითი შესაძლებლობებით აღჭურვა, რომელსაც ის რეგიონში აშშ-ს და ვაშინგტონის მოკავშირეთა ინტერესების საწინააღმდეგოდ იყენებს.
მიმდინარე წლის 12 მაისამდე აშშ-ს პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს გააგრძელებს თუ არა ირანის ბირთულ შეთანხმებას. ტრამპსისთვის სასურველი არაა, ხელშეკრულებას მარტომ გამოუცხადოს ბოიკოტი და მასში ცვლილებების შეტანა მოითხოვოს. მან საერთაშორისო იზოლაციას გემო უკვე გაუსინჯა, როდესაც ისრაელში აშშ-ს საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. სავარაუდოდ, მას იგივეს განმეორება არ სურს, მაგრამ აშშ-ს ევროპელი პარტნიორებიც კი ირანთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას არ იზიარებენ. ბოლო კვირის განმავლობაში საფრანგეთის და გერმანიის ლიდერების ვაშინგტონში ვიზიტის მთავარი მიზანიც, სავარაუდოდ, ამერიკელი კოლეგის ირანთან დადებული შეთანხმების აუცილებლობაში დარწმუნება იყო.
ირანთან დაკავშირებით იკვეთება აშშ-სა და ისრაელის ინტერსები. აღსანიშნავია, რომ ნეთანიაჰუს პრეზენტაციას წინ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ისრაელში ვიზიტი უძღოდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ცდილობს მსოფლიო ირანიდან მომავალი საფრთხეების რეალურობაში და ისეთი ახალი შეთანხმების აუცილებლობაში დაარწმუნოს, რომელიც, სავარაუდოდ, ბალისტიკურ რაკეტებსაც შეეხება და უფრო გრძელვადიანიც იქნება. ისრაელს კი მის საზღვართან გაზრდილი ირანული გავლენის გაქრობა სურს. უდიდესი ალბათობით, ირანს წლები აშორებს ბირთული იარაღის შექმნასთან, მაგრამ ძალიან ახლოსაა ისრაელის საზღვართან. თელ-ავივს კარგად ესმის, რომ ამ საფრთხესთან მარტო გამკლავება ძალიან რთული ამოცანაა, ამიტომაც ირანზე საერთაშორისო წნეხის გაზრდას ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მთავრობა კრიტიკულ მნიშვნელობას ანიჭებს. რთული სათქმელია შეძლებენ თუ არა ისრაელი და აშშ დიდი სახელმწიფოების მხარდაჭერის მოპოვებას, ჯერჯერობით, მათ ბანაკში მხოლოდ საუდის არაბეთი და ირანთან დაპირისპირებული სხვა სუნიტური სახელმწიფოები არიან.
ავტორი: გიორგი ხარებავა